6 იანვარს დაწყებულ შეტაკებებს ათობით ადამიანი ემსხვერპლა, 142 000 კი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა. ამ ფონზე, პარასკევს, 9 იანვარს, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ანტონიუ კოშტა დამასკოში სირიის პრეზიდენტს ხვდებიან.
სირიის სამთავრობო ძალებსა და ქურთ მებრძოლებს შორის ქალაქ ალეპოში სამდღიანი შეტაკებების შემდეგ, 9 იანვარს სირიის თავდაცვის სამინისტრომ ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. ქვეყანაში დაძაბულობის გამწვავებას ათობით ათასი პირის იძულებით გადაადგილება და, სულ მცირე, 21 ადამიანის დაღუპვა უკვე მოჰყვა.
თავის განცხადებაში, სირიის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შეიხ მაქსუდის, აშრაფიესა და ბანი ზაიდის უბნებში დილის 3 საათზე შევიდა ძალაში.
სირიის მთავრობამ შეიარაღებულ ჯგუფებს ტერიტორიის დასატოვებლად ექვსი საათი მისცა და აცნობა, რომ უფლება ექნებოდათ, თან წაიღონ „პირადი მსუბუქი იარაღი“. მათ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით გააცილებენ, რომელსაც ქურთების მეთაურობით მოქმედი „სირიის დემოკრატიული ძალები“ (SDF) აკონტროლებს.
ალეპოს გუბერნატორი აზამ ალ-ღარიბი (Azzam al-Gharib), უსაფრთხოების ძალების თანხლებით, დილის საათებში, სადავო უბნებს ეწვია.
სირიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე „სირიის დემოკრატიულ ძალებს“ ჯერ ოფიციალური პასუხი არ გაუცია. ამიტომ, არ არსებობს დადასტურება, რომ ქურთულმა ძალებმა შეთანხმება მიიღეს.
აშშ-ის წარმომადგენელი სირიაში, ტომ ბარაკი ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებას სოციალურ ქსელ X-ში მიესალმა და გამოხატა „ღრმა მადლიერება ყველა მხარის – სირიის მთავრობის, „სირიის დემოკრატიული ძალების“, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების ლიდერების – მიმართ იმ თავშეკავებისა და კეთილი ნებისათვის, რამაც ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პაუზა გახადა შესაძლებელი“.
ბარაკმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ ორივე მხარესთან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ექვსსაათიანი ვადის უფრო დიდი ხნით გახანგრძლივებაზე მუშაობს.
ბრძოლებმა 142 000 ადამიანი დევნილად აქცია
6 იანვარს დაწყებული ბრძოლების გამო, რომელიც საარტილერიო ცეცხლისა და დრონებით თავდასხმების ფონზე მიმდინარეობდა, საკუთარი სახლების დატოვება დაახლოებით 142 000 ადამიანს მოუწია.
სამთავრობო ძალები და ქურთი მებრძოლები ძალადობის დაწყებასა და სამოქალაქო უბნებსა და ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის სასწრაფო სამედიცინო ჯგუფებსა და საავადმყოფოებზე მიზანმიმართულ თავდასხმებში, ერთმანეთს ადანაშაულებენ.
ქურთული ძალების ცნობით, ქურთებით დასახლებულ უბნებში, სულ მცირე, 12 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, ბრძოლების დროს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, სულ მცირე, 9 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა. ამასთან, ორივე მხარეს ათობით ადამიანი დაიჭრა.
სირიის დროებითმა პრეზიდენტმა, აჰმად ალ-შარაამ გასული წლის მარტში „სირიის დემოკრატიული ძალებთან“ (SDF-ი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთის დიდ ნაწილს აკონტროლებს) გააფორმა შეთანხმება, რომლის თანახმად, ქურთი მებრძოლები სირიის არმიას 2025 წლის ბოლომდე უნდა შეერთებოდნენ.
SDF-ის მიმართ აშშ-ის მკაფიო მხარდაჭერასთან ერთად, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ასევე მჭიდრო კავშირები დაამყარა ალ-შარაას მთავრობასთან და ზეწოლა მოახდინა ქურთებზე მარტის შეთანხმების შესასრულებლად.
სირიის პრეზიდენტი ფონ დერ ლაიენსა და კოშტას მასპინძლობს
სირიის პრეზიდენტი, აჰმად ალ-შარაა პარასკევს დამასკოში ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს მასპინძლობს. ეს არის ევროკავშირის ყველაზე მაღალი რანგის თანამდებობის პირის ვიზიტი სირიაში, 2024 წლის ბოლოს ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ.
ფონ დერ ლაიენი რეგიონში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიუ კოშტასთან ერთად მოგზაურობს.
გასული წლის 20 მაისს, ევროკავშირმა ასადის რეჟიმისთვის დაწესებული ყველა ეკონომიკური სანქცია შეაჩერა. მარტში ბრიუსელმა პირობა დადო, რომ ორი წლის განმავლობაში, სირიას დაახლოებით 2.5 მილიარდ ევროს გამოუყოფს.
https://www.rtp.pt/noticias/mundo/siria-anuncia-cessar-fogo-apos-dias-de-confrontos-com-combatentes-curdos-em-alepo_n1708880

