მიუხედავად იმისა, რომ დივერსიის მუხლით დაწყებული გამოძიება გრძელდება, 12 იანვარს ფინეთის პოლიციამ გაათავისუფლა სატვირთო გემი „ფიტბურგი“, რომელიც ახალი წლის ღამეს ესტონეთისა და ფინეთის დამაკავშირებელი წყალქვეშა კაბელის დაზიანებაშია ეჭვმიტანილი.
„ფინეთის და ესტონეთის ხელისუფლებებმა „ფიტბურგის“ ბორტზე მუშაობა დაასრულეს, რამაც გემისთვის ყადაღის მოხსნის შესაძლებლობა შექმნა“, – განაცხადა ესტონეთის გამოძიების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელმა, რირტო ლოჰიმ.
გემი „ფიტბურგი“, რომელიც რუსეთიდან ისრაელისკენ მიემართებოდა, ეჭვმიტანილია კომპანია „ელისას“ კუთვნილი წყალქვეშა სატელეკომუნიკაციო კაბელის განზრახ დაზიანებაში, რომელიც ესტონეთსა და ფინეთს აკავშირებს. შემთხვევის ადგილი ესტონეთის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში (EEZ) მდებარეობს.
ფინეთის ხელისუფლებამ გემი იმავე დღეს დააკავა.
მას შემდეგ, რაც ფინეთის საბაჟო სამსახურმა თავისი პროცედურები დაასრულა, გასულ ოთხშაბათს ფინეთის პოლიციამ გემი, ბორტზე საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად, ოფიციალურად დააყადაღა.
ლოჰის თქმით, „ფიტბურგის“ ეკიპაჟის ერთი წევრი 11 იანვარს დააპატიმრეს, ხოლო რამდენიმე სხვა წევრს ქვეყნიდან გასვლა აეკრძალა.
ეკიპაჟის დაკავებული წევრი, აზერბაიჯანის 48 წლის მოქალაქე ეჭვმიტანილია დამამძიმებელ გარემოებებში ქონების განზრახ დაზიანებაში, დაზიანების მცდელობასა და სატელეკომუნიკაციო სისტემებში უხეშ ჩარევაში.
გემის ოპერატორმა კომპანია „სარფომ“ გასულ კვირას განაცხადა, რომ დაკავებული პირი გემზე ბოცმანად მუშაობდა.
კომპანიის ინფორმაციით, „ფიტბურგის“ კაპიტანი რუსეთის 56 წლის მოქალაქე, ასტრახანელი ანდრეი მაქსიმენკოა. სამუშაოს ძიების რუსულ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მაქსიმენკოს საზღვაო სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს და 2010 წლიდან კაპიტნად მუშაობს, მათ შორის – „ალბროსის“ მართვაში მყოფ გემებზე.
ორშაბათის დილის მონაცემებით, კაპიტნის დაპატიმრების ორდერი ჰელსინკის რაიონულ სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა.
სათაო კომპანიები, „ალბროსი“ და „სარფო“,, რომლებიც „ფიტბურგს“ მართავენ, რუსული წარმომავლობის მიუხედავად, თურქეთში ოპერირებენ. სატვირთო გემი „ფიტბურგი“ სენტ-ვინსენტისა და გრენადინების დროშის ქვეშ დაცურავს.
გაზეთი „ჰელსინგინ სანომატი“ თავდაპირველად იტყობინებოდა, რომ დაკავებული პირი „ფიტბურგზე“ პირველად მუშაობდა, თუმცა მოგვიანებით კომპანიამ ინფორმაცია შეასწორა და განაცხადა, რომ ეს ეკიპაჟის წევრისთვის უკვე მეექვსე კონტრაქტია ამ გემზე.
ბოცმანი ეკიპაჟს სანქტ-პეტერბურგში 27 დეკემბერს შეუერთდა, სამი დღის შემდეგ კი გემმა პორტი დატოვა.
გემი თითქმის ორი კვირის განმავლობაში იყო დაკავებული
ფინეთის ხელისუფლებამ „ფიტბურგი“ ფინეთის ყურეში 31 დეკემბერს შეაჩერა და დააკავა, რის შემდეგაც ის ჰელსინკიდან 30 კილომეტრში მდებარე კანტვიკის პორტში გადაიყვანეს.
გათავისუფლებული გემი სასაზღვრო დაცვის სამსახურმა ფინეთის ტერიტორიული წყლებიდან ორშაბათს დილით გააცილა.
ბალტიის ზღვის რეგიონში უსაფრთხოების ზომები 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ მომხდარი არაერთი ინციდენტის გამო გამკაცრდა, რაც ენერგეტიკული და სატელეკომუნიკაციო კაბელების, ასევე გაზსადენების დაზიანებას უკავშირდებოდა.
ამასთან, ნატო-მ ბალტიისპირეთში თავისი სამხედრო ყოფნა გაზარდა და იქ სამხედრო ხომალდები, თვითმფრინავები და საზღვაო დრონები განათავსა.
ფინეთი და შვედეთი ალიანსს 2023 წელს შეუერთდნენ, ხოლო ესტონეთი 2004 წლიდან არის ნატო-ს წევრი.
https://news.err.ee/1609908631/finland-releases-ship-held-in-estonian-finnish-cable-damage-case

