ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების და ნარკოტიკული საშუალება „კოკაინის“ ქვეყნის საზღვარზე მალულად შემოტანის 2 ფაქტი აღკვეთეს, – ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
„მებაჟე ოფიცრის მიერ, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე მათი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, სამგზავრო ჩანთაში და სხეულზე მალულად განთავსებული 78 აბი აკრძალული მედიკამენტები („მეტამფეტამინი“ და „პრეგაბალინი“), ასევე 2 გრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ გამოავლინეს.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

