16 წლის მოზარდი, რომელიც “რუსთავი 2”-ს ინტერვიუზე დათანხმდა, ნეონაცისტური დაჯგუფების მსხვერპლია. დანაშაულებრივი ქსელის სამიზნე ის პირველად მაშინ გახდა, როდესაც ნაცნობმა გოგონამ რუსთაველის ძეგლთან მიიტყუა. აქ არასრულწლოვანს სხვა მოზარდები ელოდნენ. მათ ერთმანეთში ჯეირანი ითამაშეს იმის გასარკვევად, თუ ვინ სცემდა პირველი 16 წლის მსხვერპლს.
რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია ნეონაცისტების შეკრების ერთ-ერთი ადგილი იყო, თუმცა არა ერთადერთი. 16 წლის ბიჭის მიმართ ძალადობა რამდენიმე დღეში სხვა ლოკაციაზე გაგრძელდა. აქ მოზარდი კიდევ ერთხელ სცემეს, დააჩოქეს და ფაშისტური დაჯგუფების წევრებისთვის ბოდიში მოახდევინეს იმის გამო, თითქოს დაჯგუფების ერთ-ერთ ლიდერს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
14 წლის ანდრია მეტსახელად “მტკვარი”, 18 წლის “ბენდელა”, 15 წლის “კასტეტა”, 16 წლის “ხრაშო” და 16 წლის “ჩურკა” – ეს იმ მოზარდების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ერთი დაჯგუფების ქვეშ ფაშისტურმა იდეოლოგიამ გააერთიანა. ყველა მათგანი უმძიმესი დანაშაულის მრავალ ეპიზოდში ფიგურირებს.
“კურიერი P.S.-მა” მოიპოვა სხვა არაერთი დაზარალებულის ჩვენება, სადაც ძალადობის თითქმის იდენტური სცენებია აღწერილი – ცემა, წამება, დაჩოქება, დამცირების ამსახველი ვიდეო კადრების გადაღება და გავრცელება – ეს დამნაშავეების მთავარი ხელწერაა.
თბილისში, 300 არაგველის ძეგლის მიმდებარედ, მიტოვებული აბანოების შენობაც ნეონაცისტების თავშეყრის მთავარი ადგილია. აქ ფაშისტური დაჯგუფების წევრებმა არაერთი მოზარდი აწამეს. წინასწარ შემუშავებული სქემის მიხედვით, მსხვერპლი მიტოვებულ შენობაში მოტყუებით არასრულწლოვან გოგონებს მიჰყავდათ, სადაც მას ბიტებით, დანებით, ჯაჭვებით და სხვა ბლაგვი საგნებით შეიარაღებული ნეონაცისტები ელოდნენ.
საქმის მასალებით დავადგინეთ, რომ ფაშისტური იდეოლოგიის ქვეშ გაერთიანებულ მოზარდებს მკაცრად გაწერილი ქცევის კოდექსიც აქვთ, დაჯგუფებაში მიღების რიტუალიც და ჩაცმის სტილიც. მაგალითად, ის, ვინც ანტიფაშისტების სისხლს ერთხელ მაინც დაღვრის, უფლება ეძლევა ფეხსაცმელზე წითელი თასმა მოირგოს. თეთრი თასმები დანაშაულის რასისტულ მოტივზე მიანიშნებს. სამართალდამცველებს უკვე იდენტიფიცირებული ჰყავთ 10-ზე მეტი დაზარალებული, რომელთა შორის 4 არასრულწლოვანია. არასრულწლოვნები არიან იმ 20-მდე ბრალდებულს შორისაც, რომლებიც თბილისში, იმერეთსა და აჭარაში დააკავეს. დაკავებულთაგან სამი გოგონაა.
ყველა დაკავებული რომ ძალადობის არაერთ ეპიზოდში ორგანიზებულად და შეთანხმებულად მოქმედებდა, ამას არაერთი მტკიცებულება ადასტურებს, მათ შორის, ის ფოტო და ვიდეო მასალა, სადაც ბრალდებულები ფაშისტური სიმბოლიკის ფონზე ჯგუფურად პოზირებენ.
დაკავებულები, ისევე როგორც მათი ოჯახის წევრები, დუმილს ინარჩუნებენ. პროკურატურის მოთხოვნით ყველა მათგანს წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა.
საქმეზე გამოძიება მრავალი მიმართულებით გრძელდება. სამართალდამცველები სწავლობენ ნეონაცისტებთან შესაძლო კავშირში მყოფი პირების საქმეებს, მათ გარემოცვას, სოციალურ ქსელებში აქტივობებს, მუქარის შემცველ შეტყობინებებს, მათ შორის ინსტაგრამსა და ტელეგრამის აპლიკაციებში. სავარაუდოდ, მალე ბრალდებულთა წრე კიდევ გაიზრდება.
“ბერგმანი” – ასე ქვია ნეონაცისტების დაჯგუფებას, რომლის ქოლგის ქვეშ არაერთი რადიკალური ჯგუფია გაერთიანებული. ბერგმანის ლიდერი, ლევან აბესაძე 8 არასრულწლოვანთან ერთად სამართალდამცველებმა ჯერ კიდევ ივლისში დააკავეს, გასულ კვირას კი ამავე დაჯგუფების 18 წევრი დაიჭირეს. მათ ციხეში მრავალი წლის გატარება მოუწევთ.
