„ნაციონალური მოძრაობიდან“ პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა, გივი თარგამაძემ შვიდთვიანი პატიმრობის შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.
გივი თარგამაძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე 7 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ შვიდი თვით პატიმრობა შეუფარდა. ასევე, მას აეკრძალა ორი წლით თანამდებობის დაკავება.
გივი თარგამაძე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე 3 აპრილს იყო დაბარებული, თუმცა არ გამოცხადდა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ თარგამაძეს საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.
