„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს საბოტაჟსა და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების გაწევის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვაშაძეს დაევალა პასპორტისა და პირადობის მოწმობის საგამოძიებო უწყებისთვის გადაცემა, ასევე აეკრძალა საზღვრის კვეთა.
გიორგი ვაშაძის თქმით, მისთვის შეფარდებულ გირაოს გადაიხდის.
გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ საქმეში მის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ვაშაძე საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ ნოემბერში მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია საბოტაჟისა (318-ე მუხლის პირველი ნაწილით) და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების (319-ე) მუხლებით.
ცნობისთვის, გიორგი ვაშაძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო შვიდთვიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.
