„ქრონიკამ“ მოიპოვა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საქმეში დევს პირდაპირი და მამხილებელი მტკიცებულებები, მათ შორის თაღლითური ქოლცენტრების მმართველების და სქემაში მონაწილე სხვა ფიგურანტების ჩვენებებია, რომლებიც ღიად საუბრობენ რა მეთოდებით მფარველობდნენ ოთარ ფარცხალაძე და ძმები მიქაძეები ათამდე ქოლცენტრს.
ასევე, „ქრონიკის“ ინფორმაციით, ელისო კილაძის წინააღმდეგ ჩვენება მისივე ბიზნესპარტნიორმა გივი ჯიბლაძემ მისცა. ამავე საქმეზე ბრალდებულმა ჯიბლაძემ დეტალურად მოუყვა გამომძიებლებს თუ რა როლი ჰქონდათ მას და ელისო კილაძეს ქოლცენტრების საქმეში და რა ფუნქცია ეკისრებოდა ელისო კილაძეს.
„სამხილი არ ნიშნავს მტკიცებულებას“, – აცხადებს ელისო კილაძის ადვოკატი.
საქალაქო სასამართლო ე.წ. ქოლცენტრის საქმეზე ბრალდებული 5 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. მათ შორის არიან: ოთარ ფარცხალაძე, ძმები მიქაძეები, მიხეილ ჩოხელი, სეხნიაშვილი და ელისო კილაძე.
ბრალდებულთა ნაწილი მიმალვაშია, შესაბამისად სასამართლო მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დაუსწრებლად იმსჯელებს.
ჟურნალისტი ელისო კილაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დააკავეს. ამავე საქმეზე, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო ათი პირის მიმართ, რომელთა შორის არის საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.
პროკურორის მიხეილ სადრაძის თქმით, ბრალდების დადგენილება ასევე წარედგინებათ ჯგუფის სხვა წევრებს – გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძეს და გიორგი კამლაძეს, რომლებმაც ქმედითად ითანამშრომლეს გამოძიებასთან და არა მხოლოდ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, არამედ არსებითად შეუწყვეს ხელი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნას.
