მოთხოვნილია აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის, პატიმრობის გამოყენება ბრალდებულების: ელისო კილაძის, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის, გიორგი და დავით მიქაძეების, ირაკლი სეხნიაშვილის და მიხეილ ჩოხელის მიმართ, – ამის შესახებ საქმის პროკურორმა, მარიამ ბერძენიშვილმა სასამართლო პროცესის დაწყების წინ განაცხადა.
პროკურორის თქმით, მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ასევე, გამოთხოვილი ინფორმაცია, ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთ-მტკიცებულებები, ადასტურებს თითოეულ ბრალდებულთან მიმართებით ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის ფაქტს.
„ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ თითოეულ მათგანთან მიმართებით არსებობს პატიმრობის გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები, რაც პროცესზე დასაბუთებული იქნება ბრალდების მხარის მიერ.
„ამ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხულია ათობით პირი, ასევე ჩატარებულია სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედება, როგორიცაა ამოღება, გამოთხოვა, ჩხრეკა და ა.შ. როგორც მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, რომელიც არის პირდაპირი ხასიათის, ასევე გამოთხოვილი ინფორმაცია, ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთ-მტკიცებულებები – ეს ყველაფერი ადასტურებს თითოეულ ბრალდებულთან მიმართებით ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის ფაქტს.
აუცილებლად ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ ბრალდება არ ეყრდნობა მხოლოდ გამოკითხვის ოქმებში დაფიქსირებულ ინფორმაციას. ეს ინფორმაცია შემდგომ სრულ თანხმობაში მოვიდა გამოთხოვილ ინფორმაციასთან. მოწმეები უთითებენ მათ შორის ელისო კილაძის მიერ რა თანხა იქნა აღებული მისი როლის ფარგლებში ორგანიზებული ჯგუფის საქმიანობისას, ხოლო შემდგომში უკვე გამოთხოვილი იქნა ორგანიზებული ჯგუფის კომპიუტერული მოწყობილობიდან ინფორმაცია, სადაც თაღლითური ქოლცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები და შემოსავალი დეტალურად იყო გაწერილი“, – განაცხადა პროკურორმა.
ინფორმაციისთვის, საქმე ეხება ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და ფულის გათეთრებას.
უფრო კონკრეტულად კი, საუბარია 2020-2023 წლებში, ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისა და სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მფარველობაში არსებულ თაღლითურ ე.წ. ქოლცენტრებზე.
ბრალის მიხედვით, გივი ჯიბლაძე, ბენ ანორი, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე ქოლ-ცენტრის გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფდნენ, იღებდნენ გადაწყვეტილებებს ქოლ-ცენტრის გაფართოების ან ადგილმდებარეობის ცვლილებასთან დაკავშირებით, ახორციელებდნენ შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვას, ხელფასების და ბონუსების გაცემას, ასევე პარტნიორებისა და მფარველებისათვის გასანაწილებელი თანხების კალკულაციას და განაწილებას.
გიორგი მიქაძე, დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი და მიხეილ ჩოხელი, ოთარ ფარცხალაძისა და მისი გავლენების მეშვეობით უზრუნველყოფდნენ ქოლ-ცენტრის დანაშაულებრივი საქმიანობის მფარველობას, რაც გულისხმობდა სამართალდამცავებისგან და კონკურენტი ორგანიზაციების ჩარევისგან დაცვას. ამასთან, მონაწილეობდნენ ქოლ-ცენტრის ფუნქციონირებისათვის საჭირო, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესშიც.
რაც შეეხება ელისო კილაძეს, პროკურატურის ინფორმაციით, კილაძე დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას სხვადასხვა მედია პლატფორმაზე ახორციელებდა.
ასევე, ელისო კილაძის მიერ ხდებოდა კონკურენტი ქოლ-ცენტრების ადგილმდებარეობის და თანამშრომლების თაობაზე ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების დაგეგმვა, გავრცელების მუქარა თუ გავრცელება და შემდგომში მათი შანტაჟის გზით გადმობირებისთვის სათანადო პირობების შექმნა.
საბოლოო ჯამში, ორგანიზებული ჯგუფის წევრები უცხო ქვეყნის ორასზე მეტი მოქალაქის კუთვნილ, დაახლოებით 9.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტას დაეუფლნენ.
ცნობისთვის, ოთარ ფარცხალაძეს, გიორგი მიქაძეს, დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს, მიხეილ ჩოხელს, ელისო კილაძეს, გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძესა და გიორგი კამლაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვთ წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას (ფულის გათეთრებას) გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
