უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პოლიტიკურმა დირექტორმა, ბალაშ ორბანმა განაცხადა, რომ პეტიციამ, რომელიც ქვეყნის მთავრობამ იანვარში მოამზადა და მოუწოდებს უნგრელებს, უარი თქვან ევროკავშირის მიერ უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერაზე, 1 800 000-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა.
როგორც ბალაშ ორბანი წერს, უნგრეთის მთავრობა მოქალაქეებს აზრს რეგულარულად ეკითხება, რითიც უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების საზოგადოებრივ მხარდაჭერას.
„და ამ კონსულტაციებში სულ უფრო მეტი უნგრელი მონაწილეობს. ეს ჯერ თუ არ გაგიკეთებიათ, შეავსეთ ეროვნული პეტიცია, გავერთიანდეთ ომის წინააღმდეგ“, – წერს ბალაშ ორბანი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ უნგრეთის მთავრობის მიერ მომზადებულ პეტიციაზე გამოსახულია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წინ გაწვდილი ხელით, მის გვერდით არიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და „ევროპის სახალხო პარტიის“ ლიდერი მანფრედ ვებერი.
პეტიცია ამომრჩევლებს სამი პუნქტის მონიშვნას სთავაზობს: მე ვამბობ არა-ს რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომ დაფინანსებაზე; მე ვამბობ არა-ს მომდევნო ათი წლის განმავლობაში უკრაინის სახელმწიფოს ფუნქციონირების ხარჯების გადახდაზე; მე ვამბობ არა-ს ომის გამო კომუნალური გადასახადების გაზრდაზე.
