ირანზე მსოფლიოს ყურადღების კონცენტრირების ფონზე, რუსეთი და უკრაინა ომის ახალი ფაზისთვის ემზადებიან, – ინფორმაციას ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გასულ წელს რუსეთმა უკრაინის ქალაქი კუპიანსკი აიღო, ახლა კი უკრაინული ძალები თანდათან აიძულებენ რუსულ ჯარებს კუპიანსკი დატოვონ.
„როგორც ჩანს, ეს კრემლისთვის მოვლენების მოუხერხებელი შემობრუნებაა გაზაფხულის დადგომასთან ერთად საომარი მოქმედებების ახალი ფაზის დაწყებისას. ამავდროულად, სიტუაცია ძირითადად ტაქტიკურია და არ წარმოადგენს სტრატეგიულ გარდამტეხ წერტილს. ფრონტის ხაზი ზოგადად სტაბილური რჩება: ორივე მხარე ლოკალურ წინსვლას ახორციელებს, მაგრამ არცერთს არ შეუძლია გადამწყვეტი გარღვევის მიღწევა“, – ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, ევროპაში მოკავშირეთა ძალების ყოფილი უმაღლესი მთავარსარდალი ჯეიმს ევერარდი აღნიშნავს, რომ კონფლიქტის ორივე მხარე ცდილობს ერთმანეთისთვის მანევრირების თავისუფლების შეზღუდვას. საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით „ბლუმბერგი„ წერს, რომ რუსეთის არმია ახალი შეტევითი კამპანიისთვის ემზადება. თუმცა, მაშინაც კი, თუ საომარი მოქმედებები გაძლიერდება, მნიშვნელოვანი გარღვევა მოსალოდნელი არ არის, ძირითადად უკრაინის ეფექტური დრონების თავდაცვის სისტემის გამო.
„უკრაინა აპრილ-მაისში დონეცკის რეგიონში სლავიანსკისა და კრამატორსკის გამაგრებულ ქალაქებზე თავდასხმების ზრდას პროგნოზირებს. თუმცა, ანალიტიკოსების აზრით, რუსეთს, სავარაუდოდ, არ აქვს საკმარისი რესურსები მათ დასაკავებლად. ამ ვითარებაში, მოსკოვმა შეიძლება, ყურადღება გაამახვილოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დარტყმებზე“, – ნათქვამია „ბლუმბერგის“ სტატიაში.
ამასთან, გამოცემა წერს, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამო ნავთობის ფასების ზრდა რუსეთს დამატებით ბიუჯეტურ შემოსავალს აძლევს, რაც ომის დაფინანსებას უწყობს ხელს. ამავდროულად, უკრაინა აშშ-ს იარაღის მიწოდების შემცირების რისკის წინაშე დგას, რადგან აშშ-ს რესურსები შესაძლოა, სხვა კონფლიქტებზე გადამისამართდეს.
„ამ ფონზე, ზელენსკი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს ეწვია თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გასაფართოებლად. კერძოდ, საუდის არაბეთთან და კატართან გრძელვადიანი შეთანხმებები გაფორმდა, რომლებიც, ზელენსკის თქმით, მილიარდობით დოლარად არის შეფასებული. მან ასევე მოლაპარაკება გამართა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან დიზელის საწვავის მიწოდებაზე“, – წერს გამოცემა.
