ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბა გიგიბერიამ ქადაგებისას თქვა, რომ რჩება კათოლიკოს-პატრიარქის სიტყვის უპირობო შემსრულებლად და მისთვის, “პირობა არის პატრიარქის დატოვებული ანდერძი, ის რაც ეხება მეუფე შიოს.”
“ბევრჯერ მითქვამს თქვენთანაც და სხვაგანაც, ოცდათექვსმეტი წელი მომიწია პატრიარქთან ერთად ეკლესიის წიაღში ყოფნა და პრაქტიკულად მის გვერდით. მითქვამს და ყველამ იცის, ალბათ, რომ არასდროს მე პირადად ეჭვქვეშ არ დამიყენებია პატრიარქის არცერთი სიტყვა, არცერთი მოსაზრება, არცერთი ლოცვა კურთხევა.
არასდროს არ განმიკითხავს, ერთადერთი ადამიანი, ვინც არასდროს არ განმიკითხავს ესაა პატრიარქი და დღესაც, ვრჩები მისი ერთგული და მისი სიტყვის შემსრულებელი უპირობოდ. ესეც კი ითქვა, რომ პატრიარქს, კონკრეტულად რაღაც არ უთქვამს, ეს არ დაუბარებია, ის არ უნდოდა და ასე შემდეგ.
ეს ყველაფერი, ბუნებრივია, მომავალ პატრიარქთან არის დაკავშირებული. ალბათ, ძნელი არ იქნება მისახვედრად, მე პირადად რას ვფიქრობ და რას ვიტყვი და რას გავაკეთებ. ჩემთვის პირობა არის პატრიარქის დატოვებული ანდერძი, ის რაც ეხება მეუფე შიოს. არის ისეთი დეტალები, რომელიც ბევრმა არ იცის და ბევრმა იცის, მაგრამ არ უნდა იცოდეს.
მე გეტყვით თქვენ, რასაც გეტყვით, თუ ეს არ ნიშნავს პატრიარქის სურვილს ჩვენი ხალხი ჭკვიანია და მიხვდება ამ ყველაფერს.
ვიდრე პატრიარქი აირჩევდა მოსაყდრედ მეუფე შიოს, ცხრა წლის წინ, სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ, მითხრა ერთ-ერთმა ჩვენმა მეგობარმა, საპატრიარქოსთან დაახლოებულმა ადამიანმა, სახელს და გვარს არ ვიტყვი, რომ ის პატრიარქმა დაიბარა და უჩვეულო რამ დაავალა, წადიო გურიაშიო და გამოიკვლიეო მუჯირის გვარი, როგორი ხალხია, როგორი წარსული აქვთ და ყველაფერი მათ შესახებ.
ეს ადამიანი ამბობს, რომ ვერაფრით მივხვდი, რატომ მეკითხებოდა ამას, მაგრამ პატრიარქის კურთხევა შეასრულა, წავიდა გურიაში, გაიგო ამ ხალხზე ძალიან კარგი, კეთილი, მორწმუნე და ეკლესიური ადამიანები არიან. როდესაც გააცხადა პატრიარქმა მისი სურვილი მეუფე შიოს, რომელიც არის მუჯირი გვარად, დადგინება მოსაყდრედ, მერე მიხვდა ეს ადამიანი თუ რატომ სთხოვა პატრიარქმა. ეს არ იყო ერთი დღის გადაწყვეტილება, ამას დიდი ხანი ფიქრობდა.
მეორე, ვიდრე ამას გაამჟღავნებდა პატრიარქი, ერთ მშვენიერ დღეს, იყო რა სასულიერო პირებთან ერთად უცებ თქვა, რომ მოდი წავიდეთ სიონშიო, პატრიარქებს უნდა ველაპარაკოო. როდესაც მივიდნენ, უთხრა მათ, რომ თქვენ გარეთ დაიცადეთ, მე მარტო დამტოვეთ ტაძარში, უნდა ვილოცო, პატრიარქებს ველაპარაკოვო. ჩვენ არ ვიცით რა ელაპარაკა, მაგრამ რას თხოვდა ცხადია. ერთი საათის შემდგომ გამოვიდა პატრიარქი ტაძრიდან და ახლა სვეტიცხოველში წავიდეთ, მეფეებს უნდა ველაპარაკოვო.
ასევე წავიდა, მარტო დარჩა ტაძარში და იქ დიდხანს ილოცა, შემდგომ დაბრუნდა საპატრიარქოში, მამა დავითს უთხრა კალამი და ფურცელი მომიტანე, რაღაც უნდა დავწეროო. ანუ, პატრიარქმა ის, რაც დაწერა თავისი ხელით და რაც მერე ყველამ ვიხილეთ, ეს იყო ბრძანება, რომლის დაბეჭდვა არავის არ დაავალ იმიტომ, რომ იცოდა იქნებოდა უმარავი შეკითხვა და წინააღმდეგობაც კი, შეიძლებოდა ვინმეს ჰქონოდა მცდელობა, იქნებ გადაიფიქროს და ეს არ იყოს ასე. პატრიარქმა დაწერა ბრძანება, რომელიც მეორე დღეს გიორგობის დღესასწაულზე წაიკითხა ქაშუეთის ტაძარში და მან ამ ტაძარში მეუფე შიო გამოაცხადა ტაძრის მოსაყდრედ.” – თქვა მეუფე საბამ.
