“ქართული ოცნება” ევროკავშირს აბსოლუტურად სამართლიანად აკრიტიკებს, ბოლოს ამატებს, რომ ჩვენ 2028 წელს ვიქნებით მზად და 2030 წელს გავაწევრიანებთ ქვეყანას ევროკავშირშიო, ანუ “ქართულ ოცნებას” გააზრებული აქვს თუ რა მძიმე მდგომარეობაშია ევროკავშირი და მაინც, ასე დაჟინებით აცხადებს და ჰპირდება საზოგადოებას, რომ ქვეყანას ამ სამსხვერპლოზე მიიტანს”, – ამის შესახებ, “რუსთავი 2-ის” გადაცემაში “დებატები” პარტიის “ერთიანი ნეიტრალური საქართველო” აღმასრულებელმა მდივანმა, ვატო შაქარიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, რწმენა იმის შესახებ, რომ ორ წელში, ანუ 2028 წელს ევროკავშირში რაიმე გაუმჯობესდება, ეს ძალიან სახიფათო ამბავი და ქვეყნის ბედით თამაშია:
“ქართული ოცნება” გამოდის და აკრიტიკებს ევროკავშირს აბსოლუტურად სამართლიანად და ამბობს, რომ ევროკავშირი ჩვენ გვიბიძგებს ომისკენ, რომ ევროკავშირი გვიბიძგებს ეკონომიკური სუიციდისკენ, გვთხოვს ტრადიციებზე უარის თქმას, რომ ევროკავშირში არის ეკონომიკური, ღირებულებითი და პოლიტიკური კრიზისები და იქვე, ბოლოს ამატებს, რომ ჩვენ 2028 წელს ვიქნებით მზად და 2030 წელს გავაწევრიანებთ ქვეყანას ევროკავშირში. ანუ “ქართულ ოცნებას” გააზრებული აქვს თუ რა მძიმე მდგომარეობაშია ევროკავშირი და მაინც, ასე დაჟინებით აცხადებს და ჰპირდება საზოგადოებას, რომ ქვეყანას ამ სამსხვერპლოზე მიიტანს და იმ გაერთიანებაში გააწევრიანებს, რომელიც უფსკრულის პირას არის და გვეუბნებიან, ჩვენ ერთად გადავიჩეხებით ამ უფსკრულშიო. ნეტარ არიან მორწმუნენი – რწმენა არის კარგი რელიგიაში და ყველას ვუსურვებ, ჩემი თავით დაწყებული რწმენაში გაძლიერებას, მაგრამ რწმენა იმის შესახებ, რომ ორ წელში, ანუ 2028 წელს ევროკავშირში რაიმე გაუმჯობესდება, ეს ძალიან სახიფათო ამბავი და ჩვენი ქვეყნის ბედით თამაშია. ასეთი რწმენით ქვეყანა არ იმართება იმიტომ, რომ სამყარო იცვლება და “ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკა რჩება იმ ძველ კონიუნქტურაში, აბსოლუტურად შეუსაბამოა ახალ რეალობასთან და რაც მთავარია, საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან”, – აცხადებს ვატო შაქარიშვილი.
