ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კიბერსივრცის ადმინისტრაციის დირექტორს, ჭუანგ ჟუნგვენს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ორმხრივი ეკონომიკური კავშირების განვითარებაზე. ხაზი გაესვა პროგრესს საქართველო – ჩინეთის სავაჭრო – ეკონომიკურ ურთიერთობებში, რაც მნიშვნელოვნად განაპირობა სამთავრობო და ბიზნეს სექტორებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებამ.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ურთიერთობებზე კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში, რაც ხელს შეუწყობს ციფრული ეკონომიკის განვითარებას.
მარიამ ქვრივიშვილმა ჩინურ მხარეს საქართველოს ციფრული ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტები გააცნო. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მიზანს, მაქსიმალურად გააძლიეროს საკუთარი როლი, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ციფრულ – სატრანზიტო ჰაბის. აღინიშნა, რომ საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია მასშტაბური მონაცემთა ცენტრების განვითარება, რაც ქვეყანას რეგიონულ ციფრულ კვანძად აქცევს. მხარეებმა ამ მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობა განიხილეს.
შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე ხელოვნული ინტელექტის გამოყენებისა და დანერგვის მიზნით საჯარო და კერძო სექტორებს შორის.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა თამარ იოსელიანმა და გენადი არველაძემ.
