პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დაარსებიდან 14 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ვრცელ წერილში ამ პერიოდში განვითარებულ ისტორიულ პროცესში პარტიის დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის როლს უსვამ ხაზს. ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ სწორედ მისი ლიდერობით გახდა შესაძლებელი იმ სისტემური მანკიერებების დემონტაჟი, რომლებიც წლების განმავლობაში აფერხებდა ქვეყნის განვითარებას.
„რასაკვირველია, ამ ისტორიულ პროცესში განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს ბიძინა ივანიშვილის ფუნდამენტური როლი, რომელიც დღეს უკვე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარემ თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ფორმირებაში შეიტანა. სწორედ მისმა ხედვამ და ქვეყნისა და ხალხის წინაშე აღებულმა პირადმა პასუხისმგებლობამ განსაზღვრა გზა, რომელმაც საქართველო გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა, სწორედ მისი ლიდერობით გახდა შესაძლებელი საზოგადოების გაერთიანება საერთო ეროვნული მიზნის გარშემო, დემოკრატიული ცვლილებების მშვიდობიანი გზით განხორციელება და იმ სისტემური მანკიერებების დემონტაჟი, რომლებიც წლების განმავლობაში აფერხებდა ქვეყნის განვითარებას.
ეს არის გზა, რომელიც 14 წლის განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ ნაბიჯ-ნაბიჯ გაატარა ჩვენს ქვეყანას, გზა გამოწვევებიდან – პროგრესისკენ, დაპირისპირებიდან – სტაბილურობისკენ და უნდობლობიდან – ნდობისკენ. ეს არის გზა, რომელმაც დაამტკიცა, რომ თანმიმდევრული პოლიტიკა, სუვერენიტეტის დაცვა და მშვიდობაზე ორიენტირებული ხედვა შესაძლებელია ქვეყნის წარმატების საფუძვლად იქცეს”, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.
