“მე რაზედაც ვსაუბრობ, ეს არ არის გვერდითი მოვლენები. გვერდითი მოვლენა არის, მაგალითად, რომელიმე სხვა ორგანოს დამაზიანებელი ეფექტი, ან [როდესაც მედიკამენტი] იწვევს ისეთ რამეს, რაც საყურადღებოა, დაკვირვებას საჭიროებს და პრევენციული ზომების გატარება სჭირდება, მაგრამ როდესაც ლაპარაკია ფატალური შედეგის დადგომის რისკებზე, ეს აღარ არის გვერდითი მოვლენა, ეს არის სრულიად სხვა რაღაც,” – ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ “რუსთავი 2-ის” გადაცემა “ღამის კურიერში” დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტების მოთხოვნასთან დაკავშირებით გააკეთა.
ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ აუცილებელია, მედიკამენტის ეფექტიანობა და უსაფრთხოება მეცნიერულად, მიზერულად მაინც იყოს დადასტურებული.
“ის, რომ დიაბეტის შემთხვევაში არსებობს მედიკამენტი, რომლის ფუნქციაც არის არა განკურნება, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მკურნალობის მიწოდება, ეს აბსოლუტურად ნორმალურია და სრულიად არ მოდის წინააღმდეგობაში იმასთან, რაზეც მე ვსაუბრობ. მე ვსაუბრობდი იმაზე, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, შეცდომაში შეჰყავდათ საზოგადოება, რომ თითქოს საუბარი არის მედიკამენტებზე, რომელიც სიცოცხლეს ახანგრძლივებს და სიცოცხლის გადარჩენისთვისაა გათვალისწინებული, ეს სინამდვილეს არ შეეფერება და, მგონი, ამ ორმა დღემ ეს აჩვენა. საუბარია მედიკამენტზე, რომელსაც შეიძლება უნარი ჰქონდეს, რომ უზრუნველყოს ეტლის საჭიროების გახანგრძლივება. ღირს იმად, რომ რისკითაც იარო და ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაც მიიღო, მაგრამ არა მანამ, ვიდრე ამის ეფექტიანობა და უსაფრთხოება მეცნიერულად, მიზერულად მაინც არ დადასტურდება.
როდესაც სვამენ საკითხს ამგვარად, რომ არის რაღაც კონკრეტული ინფორმაცია წარმატებული მკურნალობის შესახებ ამა თუ იმ მედიკამენტით – ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს საკმარისი არგუმენტია იმის საპირწონედ, რაც მე მოგახსენეთ,” – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
შეგახსენებთ, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები აქციებს მართავენ სიცოცხლისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ძვირადღირებული მედიკამენტების ხელმისაწვდომობის მოთხოვნით. მათი შეფასებით, ყოველი დაგვიანებული დღე პირდაპირ აისახება ბავშვების მდგომარეობაზე და ზოგ შემთხვევაში, შეუქცევადი პროგრესირების რისკს ზრდის.
ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ ჯერ კიდევ არ არის საკმარისად დადასტურებული დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ახალი პრეპარატების ეფექტიანობა და მათი უსაფრთხოება. მათივე განცხადებით, გადაწყვეტილებების მიღება უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მედიცინას და საერთაშორისო სტანდარტებს, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, ნებისმიერი დაფინანსებული მკურნალობა იყოს უსაფრთხო, ეფექტიანი და გრძელვადიანად გამართლებული.
