გამოწვევები ბევრია, თუმცა რომ გითხრათ ამის გარეშე ჩვენ ვერ მივაღწიეთ წარმატებებს, ესეც არ იქნება სიმართლე, მაგრამ მსჯელობის შემდეგ მიჩნეული იყო, რომ კიდევ უფრო შეიძლება ამ მიმართულების გაძლიერება, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა მამუკა მდინარაძემ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, არის უამრავი შემთხვევა, როდესაც სამართალდამცველს რაღაცას აბრალებენ და იქ უნდა დაიცვა ბოლომდე, მაგრამ როდესაც აშკარად დანაშაულს სჩადის, ამ შემთხვევაში ისევე მკაცრი უნდა იყო.
„გამოწვევები ბევრია, თუმცა რომ გითხრათ ამის გარეშე ჩვენ ვერ მივაღწიეთ წარმატებებს, ესეც არ იქნება სიმართლე, მაგრამ მსჯელობის შემდეგ მიჩნეული იყო, რომ კიდევ უფრო შეიძლება ამ მიმართულების გაძლიერება. აბსოლუტურად მარტივ მაგალითს გეტყვით, დავუშვათ, ჩვენ გვაქვს გამოწვევა, დღენიადაგ გვაძახებენ ბევრ რამეს, მათ შორის იმას, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, მაგალითად, რომლებიც ძალადობენ მოქალაქეებზე და ასეთი შემთხვევები გვქონდა, როდესაც ჩვენც არ მოგვეწონა რაღაცები. რიგ შემთხვევაში დაბრალების მეტი არაფერი გვაქვს. არის უამრავი შემთხვევა, როდესაც სამართალდამცველს რაღაცას აბრალებენ და იქ უნდა დაიცვა ბოლომდე. ბოლო თვეების განმავლობაში კიდევ უფრო გამიმძაფრდა ემოცია. შესაძლოა ადრე გამომძიებელი ვიყავი, მაგრამ ამ შემთხვევაში როგორც ხელმძღვანელის პოზიციიდან, ჩემი თანამშრომლის და ნებისმიერი სამართალდამცველის დაცვის ინსტინქტი კიდევ უფრო მძაფრად მაქვს, მქონდა და ყოველთვის მექნება. მაგრამ, როდესაც აშკარად დანაშაულს სჩადის, ამ შემთხვევაში ისევე მკაცრი უნდა იყო, რომ ამის პრევენცია მოახდინო მეორე მხრივ, როგორც სამართალდამცველებით მკაცრი ხარ სხვა სამართალდამრღვევის და დამნაშავის მიმართ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, თქვენ გულისხმობთ 2024 წლის მოვლენებს და ცნობილ კადრებს? – მამუკა მდინარაძემ უპასუხა, „მათ შორის“.
„ბევრი გვილაპარაკია ამ თემებზე, ბევრი გვინერვიულია კიდეც, როდესაც ძირს დაგდებულ ახალგაზრდა მამაკაცს სახეში წიხლით სცემს სამართალდამცველი, როდესაც ჟურნალისტს, ვინც არ უნდა იყოს, როგორიც არ უნდა იყოს, რა მნიშვნელობა აქვს, ბევრჯერ მითქვამს ამის შესახებ, მაგრამ ახლა ჩემი კომპეტენცია ახლანდელიც და ხვალინდელიც, მაძლევს იმის უფრო თამამად თქმის საშუალებას, რომ შეიძლება ასეთი საკითხებით უფრო მეტად დავინტერესდეთ, მომავალში, პირობა დავდო, რომ ასეთების პრევენცია განუხრელად მოხდება და წარსულითაც შესაძლოა დავინტერესდე. როდესაც კომპეტენცია მექნება და უფლებამოსილებაში შევალ როგორც სახელმწიფო მინისტრი და ვიცე-პრემიერი სამართალდამცველი უწყებების კოორდინაციის“, – განაცხადა მან.
