შეიძლება ჩემგან გაგიკვირდეთ, მაგრამ ჯერ ვერ ვიტყვით რომ ეს გადატეხილი პრობლემაა[ნარკოდანაშაული], მიუხედავად იმისა, რომ გეკა გელაძემ და მისმა უწყება უდიდესი შრომა ჩადო ამაში, დიდი დრო დასჭირდება ამის დამარცხებას, – განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ნარკოდანაშაულის აბსოლუტური დამარცხების პრეცედენტები მსოფლიოში, სამწუხაროდ, არ არსებობს.
„ერთი დიდი პროფესიონალი შეცვალა მეორე დიდმა პროფესიონალმა, მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ როგორც გეკაზე, ასევე სულხან თამაზაშვილზე. ბუნებრივია თუ არ გაძლიერდება, არაფერი დააკლდება ამ მიმართულებითაც ბრძოლას დანაშაულის წინააღმდეგ, მაგრამ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა არ მოიცავს მხოლოდ ვიღაცის დაჭერას. ეს არის საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, საზოგადოებაც უნდა დადგეს პოლიციის, სამართალდამცველების, ჩვენს გვერდით იმისთვის, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ და მინიმუმამდე დავიყვანოთ ეს ყველაფერი. ნახეთ ხო რა მოხდა? დარტყმები განვახორციელეთ ყველამ ერთად ნარკოტიკებზე, მის რეალიზატორებზე და რა მოხდა? გარედან შემოტანა ძალიან გაძნელდა, ნარკოტიკი გაძვირდა, მაგრამ ყოველთვის რჩება რაღაც ხვრელი. საბაზრო ეკონომიკასავით არის, ოღონდ ჩრდილოვანი და საზიზღარი. კუსტარული ლაბორატორიებიც კი ვნახეთ. ეს არის კომპლექსული საკითხი, რომელსაც სჭირდება საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა და სამართალდამცავები ყველაფერს გააკეთებენ, ამის პირობაც შემიძლია მარტივად დავდო, იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევავიწროვთ ეს სფერო და დანაშაულებრივი ბიზნესი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
