საქართველო არის ქვეყანა, რომელიც შავ ზღვასთან და შესაბამისად ევროპასთან, დასავლეთთან აკავშირებს 7 ქვეყანას, რომელსაც არ აქვს ზღვაზე გასასვლელი, ეს არის ჩვენი მეზობელი ქვეყნები, სომხეთი და აზერბაიჯანი, შუა აზიის ქვეყნები. რა თქმა უნდა, ეს ზრდის ჩვენს როლს დაკავშირებადობის კუთხით და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს შესაძლებლობა ავითვისოთ, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ერევანში, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტში მიიღო მონაწილეობა.
მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიის დროს განხილულ მთავარ თემებზე.
„საუბარი მქონდა სამხრეთ კავკასიის და კონკრეტულად საქართველოს პერსპექტივაზე დაკავშირებადობის კუთხით. თქვენ ხედავთ, რომ ძალიან საინტერესო მოცემულობაშია ჩვენი რეგიონი. ჩრდილოეთისკენ არის მიმდინარე ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი, რუსეთსა და უკრაინას შორის ომს ვგულისხმობ და არის სამხედრო დაპირისპირება, კრიზისი, კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში და ჩვენი რეგიონი და კონკრეტულად საქართველოც მათ შორის, არის მოქცეული ამ ორ სამხედრო კონფლიქტს შორის. ამ ვითარებაში, ერთი მხრივ, არსებობს სერიოზული გამოწვევები, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენს რეგიონს და კონკრეტულად ჩვენს ქვეყანას აქვს განსაკუთრებული შესაძლებლობები.
ყურადღება გავამახვილე იმაზეც, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც შავ ზღვასთან და შესაბამისად ევროპასთან, დასავლეთთან აკავშირებს 7 ქვეყანას, რომელსაც არ აქვს ზღვაზე გასასვლელი, ეს არის ჩვენი მეზობელი ქვეყნები, სომხეთი და აზერბაიჯანი, შუა აზიის ქვეყნები. რა თქმა უნდა, ეს ზრდის ჩვენს როლს დაკავშირებადობის კუთხით და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს შესაძლებლობა ავითვისოთ. შუა დერეფნის ფარგლებში ჩვენი როლი გვინდა მაქსიმალურად გავზარდოთ.
საუბარი მქონდა ასევე იმ ინვესტიციებზე, რომლებიც ხორციელდება ინფრასტრუქტურის სფეროში. ყველა დეტალთან დაკავშირებით გავუზიარე ინფორმაცია და მოსაზრებები ჩვენს კოლეგებს, რაც შეეხება დაკავშირებადობას.
ასევე, ერთ-ერთი თემა იყო მწვანე ენერგია, ენერგეტიკული დაკავშირებადობა. აქაც გავაცანი კოლეგებს ჩვენი გეგმები. ჩვენი მიზანია, ელექტროენერგიის გენერაცია, გამომუშავება გაიზარდოს 4 800 მეგავატიდან 11 500 მეგავატამდე. ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა გახდება მთლიანად თვითკმარი ელექტროენერგიის თვალსაზრისით და გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ ექსპორტზე გავიტანოთ ელექტროენერგია. ამ კუთხით ხაზი გავუსვი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტსაც. ყველა ამ თემაზე გვქონდა საუბარი კოლეგებთან“, – განაცხადა პრემიერმა.
