ძალიან გვიხარია, რომ ავტორიტეტული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც დადებითად აფასებენ საქართველოში ეკონომიკურ პოლიტიკას და ქვეყნის მიღწევებს ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, გუნდი და საერთო პოლიტიკა, მათ შორის, კანონმდებლობა არის ეფექტიანი, ორიენტირებულია ეკონომიკის მაქსიმალურ ზრდაზე.
„ჩვენი გუნდი არის ძალიან ეფექტური, რამდენიმე მინისტრისგან შედგება მთლიანობაში ეკონომიკური გუნდი და იცით, რომ პოლიტიკა არის ძალიან ეფექტიანი. ასევე, დავამატებდი ეროვნული ბანკის როლს, რომელიც ძალიან დიდი წარმატებით ახორციელებს შესაბამის მონეტარულ პოლიტიკას საქართველოში, მართავს შესაბამის პროცესებს. გუნდი არის ეფექტიანი. საერთო პოლიტიკა, მათ შორის, კანონმდებლობა არის ეფექტიანი და ორიენტირებულია ეკონომიკის მაქსიმალურ ზრდაზე. ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, რასაც მოაქვს კონკრეტული შედეგები. ამ ყველაფრის საბოლოო შედეგი არის, რომ პირველი კვარტალი ჩვენ დავხურეთ 9.1% ეკონომიკური ზრდით, მიუხედავად იმისა, რომ, მაგალითად, ტურიზმის სფეროში გვქონდა სერიოზული დანაკლისი ახლო აღმოსავლეთში დაწყებული კრიზისის ფონზე და ა.შ. ამ ყველაფრის მიუხედავად, პირველი კვარტალი დაიხურა 9.1% ეკონომიკური ზრდით. ამავე მიმართულებით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და, რა თქმა უნდა, ყურადღებას არ მოვაკლებთ ეკონომიკას. ყველაფერი გაკეთდება, რათა მაქსიმალურად გაიზარდოს ქვეყნის ეკონომიკა. ეს არის მთავარი, რომ გაუმჯობესდეს ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა. ჯერ კიდევ 350 000 ადამიანი ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა. ჯერ კიდევ დაბალია საშუალო ხელფასი, რომელიც დაახლოებით 2 400 ლარია. შესაბამისად, გვჭირდება ყველა მიმართულებით აქტიურად მუშაობა, რათა შენარჩუნდეს ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპი და საბოლოოდ აღმოიფხვრას სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა პრემიერმა.
