ევროპარლამენტს აქვს ასეთი პრაქტიკა, რომ აუქმებს იმ მოსაზრებებსა და ფაქტებს, რომლებიც არ მოსწონს, – განუცხადა „ქრონიკას“ უნგრელმა ევროპარლამენტარმა, ანდრაშ ლასლომ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის ანგარიშზე საუბრისას. ევროდეპუტატი მედიის დასანქცირებაზე საუბარს არასწორს უწოდებს.
„ჩემი აზრით, ყველა მედია საშუალების, რეპორტაჟისა თუ პოლიტიკური დებატების შეფასება უნდა ეყრდნობოდეს ფაქტებს, არგუმენტებსა და დამსახურებას და არა ეროვნებას, კონკრეტულ მედია საშუალებას, პოლიტიკურ ჯგუფსა თუ აფილირებას. უნდა შეგვეძლოს ჩვენი იდეების, ფაქტებისა და ინფორმაციის წარდგენა გადაწყვეტილებების მიმღებთათვის, მათ შორის ევროპარლამენტარებისთვის, რომ გადავწყვიტოთ, თუ რა არის სწორი პოლიტიკა ევროპისთვის, ჩემი ქვეყნისთვის და ა.შ. ვფიქრობ, მოსაზრებებისა და ხმების დაბლოკვა, მხოლოდ მათ წარმომავლობაზე დაყრდნობით, არასწორია“, – აცხადებს ლასლო.
ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშის პროექტს და შესწორებებს. დოკუმენტი, სავარაუდოდ, 18-21 მაისის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევა. რასა იუკნევიჩიენე ამტკიცებს, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყნის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს და პერსონალურ სანქციებს ითხოვს. ასევე, შესწორებებით მოთხოვნილია სამი დამოუკიდებელი ტელეკომპანიის სანქცირება.
