ევროპარლამენტის სახით არის საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობის სრული რეინკარნაცია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, საქართველოს საბჭოთა მენტალიტეტის მქონე და ფაშისტური განცხადებებით გამორჩეულ ხალხთან საერთო არაფერი აქვს.
შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ევროკავშირის ეს ინსტიტუცია თვისებრივად უნდა შეიცვალოს, რათა საქართველოს პარლამენტს მასთან რაიმე სახის ურთიერთობა შეეძლოს.
„ვხედავთ, რომ ამ ხალხთან სულ უფრო ნაკლები და ნაკლები გვრჩება სასაუბრო. ჩვენ ღირებულებით ორ განსხვავებულ პოლუსზე ვართ. ევროპარლამენტის სახით გვყავს საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობის რეინკარნაცია, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ყველაფრით – ესთეტიკით, რასა იუკნევიჩიენეს რუსული აქცენტით. აბსოლუტურად ყველაფრით სრული რეინკარნაციაა უკვე სახალხო დეპუტატთა ყრილობის, ხოლო ჩვენ ვფიქრობთ ევროპულად და როგორც დემოკრატიული ქვეყანა – ჩვენს შორის არის ღირებულებითი უფსკრული. იმ რაღაც ღირებულებით აჯაფსანდალთან, რომელიც დღეს ევროპარლამენტში ხდება, ჩვენ საერთო არაფერი გვაქვს და ვერც გვექნება.
ევროკავშირის ეს ინსტიტუცია თვისებრივად უნდა შეიცვალოს, რათა საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მასთან რაიმე სახის ურთიერთობა შეეძლოს. ქართველ ხალხს საბჭოთა მენტალიტეტის მქონე ადამიანებთან, გორბაჩოვის თანამებრძოლებთან და ფაშისტური განცხადებებით გამორჩეულ ხალხთან საერთო არაფერი აქვს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
