“არ შეიძლება შენს სახელმწიფოში, მით უმეტეს სახელმწიფოს სტრუქტურაში იკავებდე პოზიციას, თანამდებობას და შენი სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩურჩულით, ფარდის მიღმა ვიღაცას ელაპარაკებოდე, ვინც არ უნდა იყოს და რომელი მხარეც არ უნდა იყოს, დაუშვებელია”,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაურის საქმეზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს ქვეყნის ღალატია.
„რა ინფორმაციაც საჭიროა, ფინანსური პოლიცია იქნება ეს, ეკონომიკური თუ ნებისმიერი თემა, ჩვენი პარტნიორებისათვის და ოკუპანტებისთვისაც ცნობილია – ევროკავშირისთვისაც, აშშ-თვისაც, რუსეთისთვისაც, ჩინეთისთვისაც.
ასე რომ, რაიმე ახალი თემის გამოძებნა, რაც შეიძლება საფასურის სანაცვლოდ გასცე, წარმოშობს პოლიტიკური შეფასების ნიადაგს და საფუძველს – ეს არის ქვეყნის ღალატი.
ვისაც არ უნდა ეჩურჩულებოდეს, მნიშვნელობა არ აქვს – არ არის საკითხი, რომელიც ღია არ იყოს, არ არის თემა, რომელიც გამჭვირვალე არ არის სახელმწიფოში. ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ არსებობს კიდევ გარკვეული ნიუანსი, რომელთან დაკავშირებითაც შესაძლოა ვიღაცას ინტერესი ჰქონდეს და ამაში ფულსაც იხდიდეს. თვითონ ეს ფაქტია შესაფასებელი დღეს ამ ტრიბუნიდან…
ბიძინა ივანიშვილის პრესმდივანი არასდროს ყოფილა. მედიასთან კი, მონაწილეობდა და გარკვეულ პოზიციებთან დაკავშირებითაც მუშაობდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის მარჯვენა ხელი იყო, ასე ნუ დახატავთ. რომც ყოფილიყო, ეგ არ არის აუცილებელი, რომ წლების განმავლობაში გაეკეთებინა ეს. რა პერიოდიდან დაიწყო და რა პერიოდიდან დახამდა გამორჩენას, ამის შესახებ ჯერ არ ვიცით“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, სუს-ის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის და ასევე, „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი უძილაურის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. თბილისის საქალაქო სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
