„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას ეხმიანება, რომლითაც მან შუა დერეფნის დამაკავშირებელი გზის მთავარ მოთამაშედ სომხეთი დაასახელა. როგორც ქართველიშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, ევროკომისიის პრეზიდენტი ჯიუტად ვერ ხედავს საქართველოს, როგორც ამ პროექტის მთავარ მოთამაშეს.
„გუშინ საფეხბურთო მატჩს ვუყურებდით, საზოგადოების უდიდესი ნაწილი ფრანგებს გულშემატკივრობდა ჩვენი „ოქროს ბიჭის“ ხვიჩა კვარაცხელიას გამო. საზოგადოების გენმოდიფიცირებული ნაწილი, ალბათ, საპირისპირო სიმპათიებით უყურებდა ამ ფეხბურთს. ერთი წამით წარმოვიდგინე, რომ ეს მატჩი მიჰყავს ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს, როგორც კომენტატორს და ის არ ასახელებს პარიზელთა გუნდში ხვიჩა კვარაცხელიას – ჯიუტად არ ასახელებს არც თამაშის დაწყების წინ, არც მსვლელობისას. მაგალითად, მიუვიდა ბურთი კვარაცხელიას და ქალბატონი ურსულა დუმს, იმიტომ, რომ მისთვის ხვიჩა კვარაცხელია, როგორც ქართველი, მოედანზე არ არსებობს.
ასეთი შთაბეჭდილება მრჩება მე, როდესაც ამ ქალბატონის, ევროკომისიის პრეზიდენტის, გაერთიანების, ანუ ევროკომისიის კეთილდღეობა, პირდაპირ არის დამოკიდებული საქართველოს, როგორც გეოეკონომიკის ცენტრის სუბიექტ ქვეყანაზე და არა გავლენების ობიექტ სახელმწიფოებზე, მაგრამ ის საერთოდ ვერ ხედავს საქართველოს.
მე ხუმრობით შევთავაზე ევროპას, რომ ჩვენ ჩვენი ტრანზიტის თანხას მაინც ამოვიღებთ, მაგრამ თუ თქვენ ასე მიგაჩნიათ, მაშინ ჩინეთიდან წამოსული სარკინიგზო ტვირთები, აზერბაიჯანიდან დაძრული ნავთობი და გაზი, ყველაფერი ეს სადახლოს გამშვებ პუნქტამდე მივიყვანოთ, სომხეთის ტერიტორიაზე გადავატაროთ და იქიდან უმოკლესი გზით ევროპამდე, როგორც გინდათ ისე შეიტანეთ,” – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენად იგულისხმებოდა ფონ დერ ლაიენის განცხადებაში ზანგეზურის დერეფნით ტვირთების გადაზიდვის შესაძლებლობა, დავით ქართველიშვილმა ეს საკითხი წარმოუდგენლად მიიჩნია. „ყველაფერს ხომ აქვს თავისი ტექნიკური ახსნა – რელიეფის, მშენებლობის ვადების ან თუნდაც ისტორიის გათვალისწინება. ნურავის გონია, რომ შარშან თეთრ სახლში დონალდ ტრამპმა ისტორიულ გამარჯვებას რომ მიაღწია აზერბაიჯანისა და სომხეთს შორის შეთანხმებით, ტრამპის სახელობის [იგივე ზანგეზურის დერეფანი] დერეფანი, ხვალ-ზეგ გაიხსნება. ეს ან მოხდება ათეული წლის შემდეგ, ან არ მოხდება საერთოდ. რომც მოხდეს, სისულელე და სიბრიყვეა ზანგეზურის დერეფანი ვინმემ აღიქვას ქართული გზის ალტერნატიულ ჩამნაცვლებელ პროექტად,” – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
