უკრაინას, რომლის ენერგეტიკული სისტემა რუსეთის მხრიდან მუდმივი თავდასხმების სამიზნეა, ზაფხულის თვეებში ელექტროენერგიის დეფიციტი და მომხმარებლებისთვის მიწოდების შეზღუდვა ელოდება, მიუხედავად იმპორტისა და მზის ელექტროსადგურების მაღალი გამომუშავებისა. ინფორმაციას Reuters-ი უკრაინულ კვლევით ცენტრზე DiXi Group-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, რუსეთი ომის განმავლობაში სისტემატურად უტევს უკრაინის ელექტროენერგიის წარმოებისა და გადაცემის ინფრასტრუქტურას, რის შედეგადაც სერიოზულად დაზიანდა თბოელექტროსადგურები. ამან კიევი აიძულა გაეზარდა ელექტროენერგიის იმპორტი და პერიოდულად მომხმარებლებისთვის მასშტაბური გათიშვები დაეწესებინა.
DiXi Group-ის განცხადებით, თუ ჰაერის ტემპერატურა ზომიერი იქნება და ენერგოსისტემა დამატებით დაზიანებას არ მიიღებს, პიკური მოხმარების პერიოდში ელექტროენერგიის დეფიციტმა შესაძლოა 0,7 გიგავატს მიაღწიოს. თუმცა, ტემპერატურის მკვეთრი ზრდის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 2,4 გიგავატამდე გაიზრდება.
სიტუაციას დამატებით გაართულებს ატომური ელექტროსადგურების ენერგობლოკებზე დაგეგმილი სარემონტო სამუშაოები, რომლებიც ქვეყნის ენერგოსისტემისთვის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.
„საშუალო დღიური ტემპერატურის მატებასთან ერთად, საათობრივი შეზღუდვები გარდაუვალი გახდება და ელექტროენერგიის დეფიციტი, შესაძლოა, ღამის საათებშიც დაფიქსირდეს, როდესაც მოხმარება ყველაზე დაბალია“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
კვლევითი ცენტრის შეფასებით, მაღალი ტემპერატურისა და ენერგოსისტემაზე დამატებითი დაზიანებების შემთხვევაში, დეფიციტი 6,2 გიგავატამდე გაიზრდება, მაშინ, როცა მოთხოვნა 15,8 გიგავატს შეადგენს, რაც დაახლოებით 40%-ს უდრის.
