გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, უკრაინა შორეულ პერსპექტივაში ევროკავშირის ნაწილი გახდება.
როგორც მერცმა ბუნდესტაგში გამოსვლისას აღნიშნა, უკრაინა დღეს ევროპის უსაფრთხოებასა და და თავისუფლებასაც იცავს.
„უკრაინა ხომ ევროპის ნაწილია. შორეულ პერსპექტივაში ის ევროკავშირის ნაწილიც გახდება“, – განაცხადა მერცმა.
გერმანიის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, 2022 წლიდან უკრაინამ რეფორმების გზაზე მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.
„ზუსტად ამიტომ რამდენიმე დღის წინ გამოვედი წინადადებით უკრაინას ევროკავშირში ასოცირებული წევრის სტატუსი მივანიჭოთ. ეს ნიშნავს, რომ უკრაინა ევროპული საბჭოსა და პროფილური მინისტრების შეხვედრებში რეგულარულად მიიღებდა მონაწილეობას. უკრაინის კომისარი, ჯერჯერობით პორტფელისა და ხმის უფლების გარეშე, ბრიუსელში კიევის სახე იქნებოდა“, – თქვა მერცმა.
გარდა ამისა, ასოცირებული წევრობა უკრაინელ დეპუტატებს საშუალებას მისცემდა ევროპარლამენტის კონსულტაციებში მიეღოთ მონაწილეობა.
„ჩვენ სწრაფად მოვახდენდით [უკრაინის] ინტეგრაციას პოლიტიკურ სფეროებში, ხოლო ევროკავშირში – რა თქმა უნდა, რეფორმებთან დაკავშირებული კრიტერიუმებისა და წესების მკაცრი გათვალისწინებით. ეს სურთ უკრაინელებს, ევროპას და ამიტომ ჩვენ ამ გზაზე ერთად ვივლით“, – თქვა მან.
