ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროპარლამენტის მიერ საქართველოზე მიღებულ ბოლო რეზოლუციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომელიც ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტებისთვის ევროპაში უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებას შეეხება.
მისი შეფასებით, ასეთი მიდგომა მოქალაქეებს შორის უთანასწორობის განცდას გააჩენს და შექმნის „რჩეულთა“ კატეგორიას, რომელსაც განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება.
„ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუციის სრულიად არაადეკვატურ (რბილად რომ ვთქვა!) მოწოდებას, რომ საქართველოს ე.წ. “სამოქალაქო აქტივისტებს” და ჟურნალისტებს შეუნარჩუნდეთ უვიზო რეჟიმი ევროპაში, საინტერესოა როგორ მიიღებს ევროკომისია?
როგორ განხორციელდება იმ “რჩეულთა” გამოხშირვა ვისაც შეეძლება სხვები შეახარბოს, მე დავდივარ ევროპაში უვიზოდ, თქვენ კი ვერა, იმიტომ რომ “ვარ ქართველი და მაშასადამე ევროპელი.”
თუ ეს აბსურდული რეკომენდაცია მართლა შესრულდა, დარწმუნებული ვარ აქ შედგება კომისია (გამოიცანით ვინ იქნებიან წევრები) რომელიც შეარჩევს “ღირსეულთ” და სიას გაუგზავნის ბრიუსელს. თუ ვინ მოხვდება, და ვინ არაფრის დიდებით არ მოხვდება ამ სიაში, არც ესაა რთული გამოსაცნობი“, – წერს ანჯაფარიძე.
