დედაქალაქის მერია თბილისის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული ბავშვებისა და მოზარდებისთვის საგანმანათლებლო, ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, არაერთ პროგრამას ახორციელებს.
ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიაწოდა.
„მერია სოციალურად დაუცველი ოჯახების 18 წლამდე წევრებისთვის, მოსწავლე–ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, სპორტულ სკოლებში, საცურაო აუზებზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებსა და ხელოვნების სკოლებში სწავლებას აფინანსებს. აღნიშნული პროგრამებით, წელიწადში საშუალოდ ათი ათასი მოსწავლე ფინანსდება. მოსწავლე-ახალგაზრდებს შეუძლიათ, მუსიკალური და ქორეოგრაფიული მიმართულების, მხატვრული კითხვის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სახეობების და საგნობრივი წრეების არჩევა. მერია ასევე აფინანსებს ფეხბურთის, ტანვარჯიშის, ცურვის, ჭიდაობისა და სპორტის სხვა სახეობების სწავლებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მოსწავლე-ახალგაზრდებს, სამივე პროგრამის ფარგლებში, თითო სახეობის/წრით სარგებლობის უფლება აქვთ. კერძოდ, ერთ მოსწავლეს სამი სხვადასხვა სახეობის არჩევა შეუძლია.
თბილისის მერის ინფორმაციით, მომსახურების მიღება სასწავლო დაწესებულებების, ასევე, მოსწავლე–ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ადმინისტრაციისადმი განცხადებით მიმართვის საფუძველზეა შესაძლებელი.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
