აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტეს თეთრ სახლში უმასპინძლა და მას შესანიშნავი ადამიანი და გამორჩეული ლიდერი უწოდა.
ტრამპის განცხადებით, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თანამდებობაზე სხვა რომ ყოფილიყო, ეს შეხვედრა არც კი შედგებოდა, რადგან ნატო-მ მას იმედები გაუცრუა.
„ნება მომეცით, ვთქვა, რომ ის ჩემი მეგობარია. შესანიშნავი ადამიანი, გამორჩეული ლიდერი და შესანიშნავი გენერალური მდივანია. მას ყველა პატივს სცემს. ვფიქრობ, ამ თანამდებობაზე სხვა ვინმე რომ ყოფილიყო, დღეს აქ არც კი შევიკრიბებოდით, სიმართლე რომ გითხრათ, რადგან იმედი გაგვიცრუვდა. ამ საკითხში დახმარება საერთოდ არ გვჭირდებოდა. ირანი ფაქტობრივად პირველივე კვირაში გავანადგურეთ. თუმცა კარგი იქნებოდა, მოკავშირეებს ეთქვათ: „ჩვენ დახმარება გვინდა შემოგთავაზოთ“. ეს დახმარება არც კი გვჭირდებოდა, მაგრამ სასიამოვნო იქნებოდა, ეს რომ ეთქვათ. მათ კი ეს არ უთქვამთ. მაგრამ როგორც გენერალური მდივანი და ის მთელი ამ სისტემის ხელმძღვანელია, ვფიქრობ, მისთვის რომ დამერეკა, საჭიროების შემთხვევაში ის სავარაუდოდ დახმარების გზას იპოვიდა. თუმცა, ეს არ გამიკეთებია – ცალკეულ ქვეყნებს ვუკავშირდებოდი, რათა მათი პოზიცია გამეგო,” – განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, იმედგაცრუებულია ალიანსის წევრი ბევრი ქვეყნის, მათ შორის იტალიის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ქმედებებით. რაც შეეხება ესპანეთს, ტრამპმა მას „სრული კატასტროფა“ უწოდა.
„ჩვენ ცოტა განსხვავებულად ვუყურებთ საკითხებს, მაგრამ იმედგაცრუებული ვიყავი. იმედგაცრუებული ვიყავი იტალიით, ასევე დიდი ბრიტანეთით. ის უკვე აღარ არის თანამდებობაზე და, როგორც იცით, ბევრი პრობლემა ჰქონდა, მაგრამ დიდი ბრიტანეთით იმედგაცრუებულები ვიყავით. იმედგაცრუებულები ვიყავით გერმანიითა და საფრანგეთით. იმედგაცრუებულები ვიყავით მათგან უმეტესობით. ესპანეთი კი სრული კატასტროფაა. ესპანეთი თქვენი გადმოსახედიდანაც კი საშინელია. მათ არაფრის გადახდა არ სურთ. ჰგონიათ, რომ ყველაფერს უფასოდ მიიღებენ. ესპანეთი არ არის კარგი პარტნიორი, საერთოდ არ არის კარგი პარტნიორი. თუმცა ამ ადამიანის (რუტეს) მიმართ დიდი პატივისცემა მაქვს. ამიტომ განვიხილავთ იმას, რაც მოხდა, და ვნახავთ, რა მოხდება შემდეგ,” – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
