დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ გამოჩენილ ქართველ მწერალს, განმანათლებელს, საზოგადო მოღვაწეს, ქალთა განათლებისა და ღირსების ერთ-ერთ პირველ დამცველს – ეკატერინე გაბაშვილს. რამდენიმე დღის წინ მისი დაბადებიდან 175 წელი შესრულდა. საქართველოს ისტორიაში არიან ადამიანები, რომელთა ღვაწლი მხოლოდ საკუთარი ეპოქით არ იზომება. ისინი თავიანთ დროს სცილდებიან, ქმნიან სულიერ და მორალურ მემკვიდრეობას, რომელიც მომავალ თაობებსაც უნათებს გზას. სწორედ ასეთ ადამიანთა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ეკატერინე გაბაშვილს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ეკატერინე გაბაშვილის დაბადებიდან 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ეკატერინე გაბაშვილის ცხოვრება თითქმის ერთი საუკუნის ისტორიას მოიცავდა – XIX საუკუნის შუა ხანებიდან XX საუკუნის ურთულეს და ყველაზე წინააღმდეგობრივ ათწლეულებამდე. მან იხილა ძველი ქართული თავადაზნაურობის სამყარო, ეროვნული გამოღვიძების ეპოქა, იმპერიული მმართველობის პირობები, დამოუკიდებლობის მოკლე, მაგრამ ისტორიული პერიოდი და შემდგომი პოლიტიკური გარდაქმნები.
„ეს იყო დრო, როდესაც იცვლებოდა სახელმწიფოები, საზოგადოებრივი წყობა, ადამიანთა ცხოვრების წესი და ღირებულებები. თუმცა, ამ ცვლილებათა მიუხედავად, ეკატერინე გაბაშვილს არასოდეს შეუცვლია მთავარი რამ – საკუთარი მისია.
მისი მისია იყო ადამიანი, განათლება, ზრუნვა. მისი მისია იყო იმ ადამიანების ხმა, რომელთა ტკივილი ხშირად არ ისმოდა.
ეკატერინე გაბაშვილი დაიბადა თავადაზნაურთა უწარჩინებულეს ოჯახში, თარხნიშვილთა და ბაგრატიონ-დავითაშვილთა სამემკვიდრეოში, მიიღო თავისი დროისათვის გამორჩეული განათლება და ძალიან ადრეული ასაკიდანვე გააცნობიერა, რომ ცოდნა მხოლოდ პირადი წარმატების საშუალება კი არა, საზოგადოებრივი მსახურების იარაღიც არის. ამიტომაც გახსნა სკოლა გლეხთა ბავშვებისთვის, ასწავლიდა მათ წერა-კითხვას და ცდილობდა, განათლების კარი გაეღო მათთვის, ვისაც ამის შესაძლებლობა ყველაზე ნაკლებად ჰქონდა.
ეს იყო მისი ცხოვრების ერთ-ერთი უმთავრესი არჩევანი – ყოფილიყო არა მხოლოდ დამკვირვებელი, არამედ თანამონაწილე. მისი შემოქმედება სწორედ ამ არჩევანის გაგრძელებაა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობებში ვხედავთ უბრალო ადამიანებს – გლეხებს, ბავშვებს, ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიური ბრძოლის პირობებში ინარჩუნებენ ღირსებას, სიკეთესა და ადამიანურობას. მისი ლიტერატურა არასოდეს ყოფილა მხოლოდ ესთეტიკური თვითგამოხატვის სივრცე. იგი იყო საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ფორმა, განათლებისა და თანაგრძნობის საშუალება.
„მისი სიტყვა მიმართული იყო არა ძლიერებისკენ, არამედ მათკენ, ვინც ხშირად საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩებოდა. ამიტომაც არის მისი შემოქმედება დღესაც ცოცხალი. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ეკატერინე გაბაშვილის დამოკიდებულება ქალის როლისა და შესაძლებლობების მიმართ.
დღეს ხშირად ვსაუბრობთ ქალთა უფლებებზე, თანასწორობასა და საზოგადოებრივ ჩართულობაზე. ეკატერინე გაბაშვილი იმ ადამიანთა შორის იყო, ვინც ამ საკითხებზე მაშინ ფიქრობდა, როდესაც ამის შესახებ საუბარი არც მოდური იყო და არც მარტივი.
თუმცა მისი გზა არ ყოფილა დაპირისპირების გზა. მისი ფემინიზმი არ ყოფილა ხმაურიანი ლოზუნგების ფემინიზმი. ეს იყო პასუხისმგებლობის, განათლებისა და შესაძლებლობების ფემინიზმი.
ეს იყო რწმენა, რომ ქალს უნდა ჰქონდეს განათლების მიღების, საკუთარი ნიჭის განვითარების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობისა და საკუთარი ღირსების დაცვის უფლება.
ის არ ებრძოდა საზოგადოებას, არამედ ცდილობდა საზოგადოების გაუმჯობესებას. არ ანგრევდა ტრადიციებს, არამედ ცდილობდა, ისინი უფრო სამართლიანი და ჰუმანური გაეხადა.
ეკატერინე გაბაშვილი იყო დედა, მეუღლე, მასწავლებელი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე. ამ მრავალრიცხოვან როლებს ის ერთმანეთის წინააღმდეგ კი არ აყენებდა, არამედ ერთ მთლიან მისიად აერთიანებდა – ადამიანის მსახურების მისიად. სწორედ ამიტომ არის მისი ცხოვრება მნიშვნელოვანი მაგალითი თანამედროვე საქართველოსთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.მისი თქმით, ეკატერინე გაბაშვილის ბიოგრაფია გვახსენებს, რომ ნამდვილი საზოგადოებრივი ცვლილებები ხშირად იწყება არა ხმამაღალი განცხადებებით, არამედ ყოველდღიური შრომით, განათლების გავრცელებით, სხვისი ტკივილის დანახვითა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით.
„ეკატერინე გაბაშვილი იყო ადამიანი, რომელმაც სხვადასხვა ეპოქაში იცხოვრა, მაგრამ არც ერთ ეპოქას არ მისცა უფლება, საკუთარი შინაგანი ღირებულებები შეეცვალა.
ის ახერხებდა გარემოებებთან შეგუებას, მაგრამ არასოდეს თმობდა საკუთარ პრინციპებს. მან საკუთარი თავი მსახურების მისიას დაუქვემდებარა, ასე აღზარდა თავისი შვილებიც, შვილიშვილებიც, რომელთათვის იგი მაგალითად იქცა. მისმა მადლმა და მაგალითმა აიყვანა და-ძმა მაყაშვილები ქვეყნის დასაცავად კოჯრის სანგრებში. თითოეული მისი გადარჩენილი შთამომავალი სამშობლოს სიყვარულით და ზრუნვით ცხოვრობდა და წარუშლელი კვალი დატოვეს საქართველოს ისტორიაში.
იცვლებოდა დრო, იცვლებოდა საზოგადოება, იცვლებოდა პოლიტიკური რეალობა, მაგრამ უცვლელი რჩებოდა მისი რწმენა, რომ განათლება, სიკეთე, თანაგრძნობა და ღირსება საზოგადოების განვითარების საფუძველია.
დღეს, როდესაც ვიხსენებთ მის ცხოვრებასა და შემოქმედებას, პატივს მივაგებთ არა მხოლოდ დიდ მწერალს, არამედ მოქალაქეს, რომელმაც საკუთარი ცხოვრება საზოგადოებრივ მსახურებად აქცია.
ეკატერინე გაბაშვილის სახელი ქართული კულტურის, ქართული განათლებისა და ქართული საზოგადოებრივი აზრის ისტორიაში განსაკუთრებული პატივით დარჩება.
გილოცავთ ამ მნიშვნელოვან საიუბილეო თარიღს და ქედს ვიხრი ეკატერინე გაბაშვილის ნათელი ხსოვნის წინაშე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
