გასულ ღამეს რუსეთის რამდენიმე რეგიონზე უკრაინული დრონებით თავდასხმა მოხდა. ჩამოგდებულია დრონები მოსკოვსა და მიმდებარე რეგიონებში. თავდასხმა ასევე მოხდა ტულის ოლქში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანაზე, აფეთქებების ხმა იყო ანექსირებულ ყირიმშიც.
მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, მოსკოვზე დარტყმები 02:30 საათზე დაიწყო. მისივე თქმით, მოსკოვში, სულ 36 დრონი ჩამოაგდეს. თავდასხმების გამო შეზღუდვები დაწესდა მოსკოვის დომოდედოვოს, ვნუკოვოს და შერემეტიევოს აეროპორტებში.
რაც შეეხება ანექსირებულ ყირიმს, აფეთქებების ხმა ქერჩის საბორნე გადასასვლელთან გაისმა.
ცნობისთვის, „აზოტი“ რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ქიმიური კომპანიაა. მისი ძირითადი პროდუქცია მინერალური სასუქები, ამიაკი, აზოტის მჟავა, მეთანოლი და სხვა ქიმიკატებია. „აზოტი“ ასევე გამოიყენება ნედლეულის წარმოებისთვის, რომელიც რუსულ არმიას მიეწოდება.
