ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ნატო-ს მიერ აღებული ვალდებულებების კი არ ეშინია, მას ეშინია მათი შესრულების.
ამის შესახებ რუტემ „ატლანტიკურ საბჭოში“ დისკუსიის დროს ისაუბრა.
მისი თქმით, ნატო-ს სამიტი ანკარაში შარშანდელზე უფრო მნიშვნელოვანია, რადგან საუბარი იქნება ალიანსის ვალდებულებების შესრულებაზე და სწორედ ეს ემსახურება რუსეთის შეკავებას.
რუტეს განცხადებით, 2025 წლის სამიტზე ნატო-ს ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ სამხედრო ხარჯების მშპ-ს 5%-მდე გაზრდას, ასევე უკრაინას დაჰპირდნენ სამხედრო მრეწველობის გაფართოებას რუსეთის შესაკავებლად.
„მიმდინარე ზაფხულში საუბარია ვალდებულებების შესრულებაზე, სანდო გეზზე და იმ ფაქტზე, რომ გასულ წელს ჩვენ დავხარჯეთ თითქმის 20%-ით მეტი, რაც უკვე არის მტკიცებულება, რომ თავდაცვითი ხარჯები იზრდება. ახლა ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ გვაქვს სანდო გზა 5%-იან ნიშნულისკენ. მე ვხედავ, რომ ეს უკვე ხდება, განსაკუთრებით, თუ საუბარია თავდაცვაზე. ყველაზე მთავარია, რომ მოსკოვში გაიგონ: ჰეი, ჩვენ თქვენთან ბრძოლა დღესვე შეგვიძლია და ვიზრუნებთ, რომ რაიმე უგუნურ ნაბიჯს თუ გადადგამთ ჩვენ წინააღმდეგ, მზად ვართ თავდაცვისთვის. აუცილებელია ჩვენი ვალდებულებების შესრულება. როგორც მე ვხედავ, ეს უნდა მოხდეს ანკარაში სამიტზე. პუტინს არ ეშინია ჩვენ მიერ აღებული ვალდებულებების, ის მათ შესრულებას უფრთხის და სწორედ ამას ვაკეთებთ, ვლადიმერ, ჩვენ თავს დავიცავთ“, – განაცხადა მარკ რუტემ.
