დასრულდა 150 მსჯავრდებულზე გათვლილი მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა რუსთავში. ციფრული უნივერსიტეტი მოქმედებს 6 დაწესებულებაში. მსჯავრდებულთა დასაქმების არეალის გასაფართოებლად სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ვითარდება აგრარული მიმართულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეტაურმა აღნიშნა, საანგარიშო პერიოდში გაშენდა 5 ახალი კენკროვანი ბაღი ციხეებში, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.
„ამჟამად მოქმედებს დასაქმების 11 პროგრამა სასჯელაღსრულების სისტემაში. 2025 წელს განხორციელდა 50-ზე მეტი მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამა და სწავლება-ტრენინგი, რომელშიც 919 მსჯავრდებული ჩაერთო. წელს, მაისის მდგომარეობით, განხორციელდა 50-ზე მეტი მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამა და სწავლება-ტრენინგი, რომელშიც 725 მსჯავრდებული ჩაერთო.
ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ტარდებოდა სპორტული ფესტივალები, ასეთი ფესტივალი ჩატარდა 8 პენიტენციურ დაწესებულებაში 2025 წელს. ეს არის ახალი სტანდარტი, რაც არის დამკვიდრებული სასჯელაღსრულების სისტემაში. თქვენ გახსოვთ, სად ვიყავით 2012 წლამდე და სად არის დღეს სასჯელაღსრულების სისტემა, რამდენად ფუნდამენტურია პროგრესი ამ სფეროში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
