ჩვენ ვაშენებთ პარტნიორობას, ჩვენ ვეძებთ უფრო მჭიდრო კავშირებს სხვადასხვა რეგიონის ქვეყნებთან და ამის მიზანი არის ერთადერთი, რომ ის როლი, რომელიც საქართველოს გამოკვეთილად აქვს რეგიონში და უკავშირდება დაკავშირებადობას, იყოს უფრო ეფექტიანად გამოყენებული, – განაცხადა მედიასთან საუბრისას საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
მან დუბროვნიკის ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი ფორუმის მონაწილეებს დისკუსიის ფარგლებში სიტყვით მიმართავს.
„დისკუსია, რომლის ფარგლებშიც მე მექნება შესაძლებლობა, რომ სიტყვით მივმართო ფორუმის მონაწილეებს, შეეხება მულტივექტორულ დიპლომატიას. ეს არის ის საკითხი, რომელიც რელევანტურია საქართველოსთვის, არა მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობიდან, არამედ ზოგადად, გეოპოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პოზიციები სათანადოდ იყოს გაჟღერებული სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით.
ჩვენ ვაშენებთ პარტნიორობას, ჩვენ ვეძებთ უფრო მჭიდრო კავშირებს სხვადასხვა რეგიონის ქვეყნებთან და ამის მიზანი არის ერთადერთი, რომ ის როლი, რომელიც საქართველოს გამოკვეთილად აქვს რეგიონში და უკავშირდება დაკავშირებადობას, იყოს უფრო ეფექტიანად გამოყენებული. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვანაცვლებთ ჩვენს სტრატეგიულ მიზნებს და ესეც ძალიან ღიად და ცხადად იქნება დაფიქსირებული ჩემს გამოსვლაში. საქართველოს სტრატეგიული არჩევანი არის ევროკავშირში ინტეგრაცია“, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა.
დუბროვნიკის ფორუმი ხორვატიაში გუშინ გაიხსნა.
