მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ევროპაში ზაფხულის დასაწყისისთვის უპრეცედენტო სიცხის ტალღამ, შესაძლოა, ჭარბი სიკვდილიანობა გამოიწვია.
კვირას, ექსტრემალური სიცხის აღმოსავლეთით გადანაცვლებასთან ერთად, კონტინენტზე – მათ შორის გერმანიაში, პოლონეთსა და ჩეხეთში, ტემპერატურული რეკორდები კვლავ მოიხსნა.
სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში ჯანმოს ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ 21 ივნისის შემდეგ დაფიქსირებული 1 300-ზე მეტი ჭარბი გარდაცვალების შემთხვევა „ევროპაში არსებულ მაღალ ტემპერატურას უკავშირდება“.
„თერმულ სტრესს ხშირად „ჩუმ მკვლელს“ უწოდებენ. ევროპული სახლები, სამუშაო ადგილები და სკოლები ამგვარი ტემპერატურისთვის არ არის აშენებული. ევროპის კონტინენტი დედამიწაზე ყველაზე სწრაფად თბება და გლობალურ საშუალო მაჩვენებელზე ორჯერ უფრო სწრაფად ცხელდება“, – გააფრთხილა მოსახლეობა გებრეიესუსმა.
მან ასევე დასძინა, რომ ამჟამად კონტინენტზე მილიონობით ადამიანი „ექსტრემალური სიცხის პირობებში ცხოვრობს, ასობით ადამიანი გარდაიცვალა, სკოლები დაკეტილია, ელექტროქსელები კი გადატვირთვას ვერ უძლებს“.
