აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს ისრაელის მთავრობის მიერ ე.წ. სომეხთა გენოციდის აღიარებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.
უწყების განცხადებით, „1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებული ისტორიული ფაქტების დამახინჯება და რთული ისტორიული პროცესების სამართლებრივ და მეცნიერულ საფუძვლებს მოკლებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების საგნად ქცევა მიუღებელია“.
„მსგავსი ნაბიჯები არ უწყობს ხელს შერიგებასა და ურთიერთგაგებას. პირიქით, ისინი ამწვავებს არსებულ წინააღმდეგობებს და ხელს უშლის რეგიონში მტკიცე მშვიდობის, შერიგების დამყარებისკენ მიმართულ ძალისხმევას. მოვუწოდებთ ისრაელის მთავრობას, გადახედოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას. აზერბაიჯანი კვლავაც თანმიმდევრულად დაიცავს ისტორიულ სიმართლეს, პატივს სცემს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ხელს შეუწყობს რეგიონში მდგრადი მშვიდობის დამყარებას“, – აღნიშნულია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, გიდეონ საარის განცხადებით, ისრაელის მთავრობამ ერთხმად დაუჭირა მხარი „სომეხთა გენოციდის“ ოფიციალურ აღიარებას. კანონპროექტი ქნესეთის პლენარული სხდომის დღის წესრიგში იქნება შეტანილი, სადაც მას კენჭს უყრიან.
