ევროკომისია რუსეთში შავი ჭირის შესაძლო გავრცელებას ყურადღებით აკვირდება, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, ევა ჰრნჩიროვამ განაცხადა.
ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებით, მათთვის ცნობილია ინფორმაცია „რუსულ ლაბორატორიაში მომხდარი ინციდენტის შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, ჭირის გამომწვევ პათოგენს უკავშირდება“.
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობა ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტულია, ამიტომ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის ექსპერტებთან კავშირს ვინარჩუნებთ. ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით იმას, თუ რა ხდება“, – აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.
ცნობისთვის, მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ 2 ოქტომბერს, რუსეთის ქალაქ შელეხოვის რაიონულ საავადმყოფოში ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის ლაბორანტი, 28 წლის დარია შიპილოვა, ფილტვისმიერი ჭირით გარდაიცვალა. მისი დაინფიცირების ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, შიპილოვას ჭირის პათოგენის შემცველი სინჯარა შემთხვევით გაუტყდა. მედიის ინფორმაციით, შიპილოვას გარდაცვალების შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ რამდენიმე ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში კარანტინი გამოაცხადა, ხოლო მასთან კონტაქტში მყოფი 200-მდე ადამიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ მოათავსა.
რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (“როსპოტრებნადზორი”) გავრცელებულ ცნობებს უარყოფს და აცხადებს, რომ შიპილოვა „დაუდგენელი ეტიოლოგიის პნევმონიით“ გარდაიცვალა და მის ორგანიზმში პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული მიკროორგანიზმები არ აღმოჩენილა. ასევე, უწყებაში აღნიშნეს, რომ ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტში პათოგენებთან მუშაობისას ავარია არ მომხდარა.
