მირიამ ვასაძე იპოვეს – დედის თქმით, ის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება
🔵 ხაიფაში გაუჩინარებული მირიამ ვასაძე ნაპოვნია. ამის შესახებ მისმა დედამ „ახალ ამბებს ისრაელიდან“ სატელეფონო საუბრისას განუცხადა. მისი ინფორმაციით, მირიამი უსაფრთხო ადგილზეა და სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება, თუმცა შვილთან დაკავშირებას ჯერ ვერ ახერხებს.
🔷 დედის თქმით, მირიამის პოვნის შესახებ 16 ოქტომბრის ღამით ერთ-ერთი ორგანიზაციიდან აცნობეს.
„დამირეკეს, რუსულად მესაუბრნენ და მითხრეს, რომ მირიამი ნაპოვნია და უსაფრთხო ადგილზეა“, – ამბობს ის.
🔷 მისივე თქმით, მირიამს ტელეფონით ვერ ესაუბრა, რადგან, როგორც აცნობეს, გოგონა „გათიშულ მდგომარეობაში იყო“. დედა ამბობს, რომ ამ მდგომარეობის მიზეზს იკვლევენ და მირიამთან ფსიქოლოგი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.
„ამ ეტაპზე მირიამის ნახვის საშუალება არ მეძლევა. იმედი მაქვს, ხვალ მოვახერხებ მის ნახვას ან ტელეფონით საუბარს“, – განაცხადა დედამ.
🔷 დედის მონათხრობის მიხედვით, 14 ოქტომბერს მირიამი სამხედრო სამსახურიდან სახლში დაბრუნდა. დაღლილს ჩაეძინა, საღამოს კი დედას ფილმის ერთად ყურება შესთავაზა. ფილმის დაწყებამდე ახლომდებარე მაღაზიაში კოკა-კოლისა და ჩიფსების საყიდლად გავიდა.
„გასვლისას მითხრა: დედა, კარი არ დაკეტო, უცებ ვიყიდი და ახლავე ამოვალო“, – იხსენებს დედა.
🔷 როდესაც მირიამის დაბრუნება დაგვიანდა და ზარსაც არ უპასუხა, დედა მის მოსაძებნად ჩავიდა. მისი თქმით, მირიამი მაღაზიაში საერთოდ არ შესულა. ამის შემდეგ პოლიციას დაუყოვნებლივ შეატყობინა და ძებნა დაიწყო.
🔹ინფორმაცია მირიამის პოვნის, ჰოსპიტალში ყოფნისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დედის მონათხრობს ეფუძნება.
გაუჩინარებისა და პოვნის გარემოებები, ისევე როგორც მისი ზუსტი სამედიცინო მდგომარეობა, ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის.
🔹არც ხაიფის პოლიციაში აკეთებენ დამატებით კომენტარს!
