ძალიან ცუდია, რომ მოსახლეობის ნაწილს ჩაამოუყალიბდა მოსაზრება, რომ სადღაც ინფარასტრუქტურული პროექტის განხორციელების დროს ვიღაცა რაღაცას იპარავს. ჩვენთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენთვის ნომერი პირველი ამოცანა არის ნებისმიერი კორუფციული რისკის მინიმუმამდე დაყვანა ამ სისტემაში. ჩვენი ამოცანა და მიზანია, რომ თითოეული თეთრი დაიხარჯოს სწორად და მიზნობრივად, – განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.
მინისტრის თქმით, ნებისმიერი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს, არის ქვეყნის დამოუკიდებლობისკენ გადადგმული ნაბიჯი.
„რაც უფრო გავარძლიერებთ ჩვენს ინფრასტრუქტურას, მით უფრო წინ წავალთ. ნებისმიერი ინფრასტრუქტურული პროექტი ეკონომიკური ზრდის მეტ პოტენციალს აჩენს, ეკონომიკური გაძლიერება კი ჩვენი ქვეყნის სიძლიერისა და დამოუკიდებლობის კიდევ უფრო გაზრდას ნიშნავს“, – აღნიშნა სოხაძემ.
მინისტრის თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტროში მას მრავალმხრივი პრობლემები დახვდა.
„ჩავედი ერთ-ერთ ობიექტზე. ეს იყო სკოლის მშენებლობა. ხარისხი იყო არადამაკმაყოფილებელი. როცა კონტრაქტორს ვკითხე, რატომ იყო ასეთი ცუდი ხარისხი, გაკვირვებულმა შემომხედა და მისი პასუხი იყო, რომ რა ფასადაც მან მოიგო ტენდერი, იმ ხარისხის მშენებლობას აწარმოებდა. ამ მარტივ პასუხში ძალიან ბევრი პრობლემა იკვეთება. ერთი ის, რომ ფასწარმოქმნა იყო არასწორი, მეორე ის, რომ დამკვეთმაც და შემსრულებლებმაც იცოდნენ, რომ ხარისხის კუთხით არ იქნებოდა შესაბამისი მოთხოვნები, ზეპირსიტყვიერ შეთანხმებასავით არსებობდა. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
