ლისაბონის ცენტრში ათასობით ადამიანი გავიდა საპროტესტო აქციაზე. დემონსტრანტები ცხოვრების ხარჯების გაძვირებას, საცხოვრებელი კრიზისის გაღრმავებასა და დაბალ ხელფასებს აპროტესტებდნენ.
ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
აქციის ორგანიზატორმა, პორტუგალიის უმსხვილესმა პროფკავშირულმა გაერთიანება CGTP-მ მოითხოვა ხელფასებისა და პენსიების გაზრდა, პირველადი მოხმარების საქონელსა და მომსახურებაზე ფასების შემცირება, ასევე საცხოვრებლის ღირებულების ზრდის შესაკავებლად შესაბამისი ზომების მიღება.
მედიის ცნობით, ქოლგებითა და საწვიმრებით აღჭურვილი დემონსტრანტები ლისაბონის ორ მთავარ გამზირზე მსვლელობით გადაადგილდებოდნენ.
პოლიციას აქციის მონაწილეთა რაოდენობის შესახებ მონაცემები არ გაუვრცელებია.
აქციას წინ უძღოდა რამდენიმეკვირიანი საპროტესტო გამოსვლები, მათ შორის საცხოვრებლის საკითხებზე მომუშავე აქტივისტების მიერ ლისაბონსა და პორტოში გაშლილი კარვების ბანაკები.
პროტესტი ევროპის მასშტაბით ცხოვრების ხარჯების გაძვირებისა და საცხოვრებლის კრიზისის წინააღმდეგ დემონსტრაციების ფონზე მიმდინარეობს.
