ფოთში, #70-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის შენობასთან შეკრებილი ოპოზიციური პარტიების რამდენიმე წარმომადგენელი სამართალდამცველებმა შენობაში შეუშვეს. ისინი კომისიის წევრს შეხვდნენ და მოითხოვეს განმარტება, თუ რატომ არ განიხილეს სხდომაზე საჩივარი, რომელიც #31-ე უბნის შედეგების გაბათილებას ეხებოდა.
„კვლავაც #31-ე უბნის შედეგების გაუქმებას მოვითხოვთ და ვაპირებთ სამართლებრივი გზებით ბრძოლას”, – გაცხადა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა გიგა გვასალიამ. საოლქო-საარჩევნო კომისიაში ამბობენ, რომ საჩივარში არ იყო მითითებული მომჩივანის მოთხოვნა, რის გამოც მისი განხილვა არ შედგა.
„რაც მოხდა, ეს არის თითოეული ამომრჩევლის და ქალაქის შეურაცყოფა. ახლა ცესკომ უნდა მიიღოს გონივრული გადაწყვეტილება. ფოთში 2 700-ზე მეტი ბიულეტენი ბათილად ცნეს, რაც, რა თქმა უნდა, ოპოზიციური ხმებია. ვითხოვთ ხმების აღიარებას და გაუქმებული ბიულეტენების ხელახლა გადათვლას. #31-ე უბანზე, სადაც კომისიის თავმჯდომარემ და წევრებმა შეკვრებით ჩაყარეს საარჩევნო ყუთში ბიულეტენები, მოვითხოვთ ამ უბნის შედეგების გაუქმებას“, – განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ მერობის კანდიდატმა ოთარ ხარჩილავამ.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ხვალ #70-ე საოლქო-საარჩევნო კომისიაში საჩივრის შეტანას გეგმავენ, შემდეგ კი ბრძოლას სამართლებლივი გზით გააგრძელებენ.
