ვერაზე,ხორავას ქუჩაზე, სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი სისხლიანი გარჩევა 16 წლის ბიჭის მკვლელობით დასრულდა. 51-ე სკოლის მე-11-ე კლასის მოსწავლე ლ.დ-შვილი საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა.
ერთი მოზარდი მძიმე მდგომარეობაში რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
თვითმხილველის ინფორმაციით, მესამე დაზარალებულს თავი აქვს გატეხილი. გარჩევაში დაახლოებით 15-მდე ბიჭი მონაწილეობდა. ერთ-ერთი ვერსიით, დაპირისპირება 51-ე და 53-ე სკოლის მოსწავლეებს შორის გოგოს გამო მოხდა. თუმცა, იფნორმაციას, რომ ჩხუბში 53-ე სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, კატეგორიულად უარყოფს სკოლის დირექტორი ეკა გახარია.
სკოლის მოსწავლეების დაპირისპირების თვითმხილველი იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ნიკოლოზ ვაჩეიშვილი.
“ამ წუთას ვერაზე იჩხუბეს უფროსკლასელებმა. დანით დაიჭრა 2 ბიჭი. ჭრილობები მძიმეა. არ ვიცი გადარჩებიან თუ არა. პატრულთან დარეკვა იყო შეუძლებელი. დავუკავშირდით ძლივს. სასწრაფო მოვიდა ასევე ძლივს. ჩხუბი იყო დიდი, ბევრი მოსწავლით“ – წერდა ნიკა ვაჩეიშვილი.
“დიდი აურზაური, ქაოსი შეიქმნა უცებ. დავინახეთ სისხლიანი ბავშვები, საშინელი მდგომარეობა იყო. ახალგაზრდა საყვარელი ბიჭების, სკოლიდან ახალგამოსული ბიჭების საშინელი ჩხუბი. უცებ დაეტაკნენ ერთმანეთს და ერთი გაკვირვებულიც კი იყურებოდა, სისხლი რომ მოსდიოდა,“- აღნიშნა ვაჩეიშვილმა.
თვითმხილველების თქმით, ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა მოზარდები ქუჩაში იკრიბებიან იმ დროს, როცა ისინი წესით სკოლაში უნდა იყვნენ.