პროცესზე ბუტა რობაქიძის დედასა და ბრალდებულებს – ირაკლი ფირცხალავასა და გურამ დონაძეს შორის შეკამათება მოხდა ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე ბრალდებულებსა და რობაქიძის დედას, ია მეტრეველს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა.
მეტრეველის უკმაყოფილება ბრალდებულ ირაკლი ფირცხალავას კითხვას მოჰყვა, რომელიც მოწმე გიორგი ჭანტურიასგან დაინტერესდა, მისცა თუ არა ცრუ ჩვენება 2006 წელს სასამართლოში. აღნიშნულ კითხვას მეტრეველის მიერ დარბაზიდან რეპლიკა მოჰყვა, რომ „მაშინ რეჟიმი იყო და მოუწია ამის გაკეთება“.
მეტრეველის საპასუხოდ ბრალდებულმა გურამ დონაძემ განაცხადა, რომ ახლა უარესი რეჟიმია, რასაც სიტყვიერი შეკამათება მოჰყვა.
“ახლა რომ რეჟიმი იყოს, ციხეში იჯდებოდი დიდი ხნის წინ”, – განაცხადა ია მეტრეველმა.
ბრალდებული ირაკლი ფირცხალავა ასევე დაინტერესდა, რატომ არ მიმართა მოწმემ ვინმეს 2007-2012 წლამდე, ვინაიდან ცრუ ჩვენებით დანაშაული ჩაიდინა, რაზეც მოწმემ აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ აპირებდა ოჯახთან მისვლას.
“2012 ის მერე ვაპირებდი მიმართვას ოჯახთან. მინდოდა მართალი ვყოფილიყავი”, – აღნიშნა ჭანტურიამ.