ე.წ. მოდულის შენობაში პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულებისთვის ბრალის წაყენების პროცესი მიმდინარეობს.
როგორც ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა, ირაკლი ბენია ჟურნალისტებს ე.წ. მოდულის შენობაში შესვლამდე განუცხადა, ბრალის წაყენებასთან ერთად დაცვის მხარეს საქმის მასალები და გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებები გადაეცემა.
რაც შეეხება მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციას, ბენიას თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ისევე როგორც სხვა საკითხებთან დაკავშირებით, დაკავებულის პოზიციას საზოგადოებას ბრალის წარდგენის შემდეგ გააცნობს.
სუს-მა გუშინ 5 პირი დააკავა, აქედან 4 პანკისში, ერთი კი – თბილისში. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა.