სვანეთში მამის მიერ შვილების შინაპატიმრობაში გამოკეტვის ფაქტზე შსს-მ გამოძიება იძულების მუხლით დაიწყო. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, რათა დადგინდეს, არიან თუ არა არასრულწლოვნები შინაპატიმრობაში.
“სვანეთში მიმდინარე მოვლენები საკმაოდ კომპლექსური და სენსიტიური საკითხია. ჩვენ ის, რაც შსს-ზე იყო დამოკიდებული, უკვე გავაკეთეთ – დავიწყეთ გამოძიება იძულების მუხლით, მაგრამ მხოლოდ გამოძიების დაწყება ამ საქმეზე და კონკრეტული პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, ვერ იქნება ამ საკითხის გადაჭრის სწორი გამოსავალი, ვინაიდან საკითხი კომპლექსურია, სენსიტიურია, არასრულწლოვნები არიან ჩართულები ამ პროცესებში და მიგვაჩნია, რომ სოციალური სამსახურების როლი ამ პროცესებში ძალიან მნიშვნელოვანია. მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და ახალი დეპარტამენტის ფარგლებში, მზად ვართ ყველა მხარეს მოვუსმინოთ, ვინც დაინტერესებულია ამ საქმით და ერთად მივიღოთ კანონიერი გადაწყვეტილება”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სვანეთში მამას 8 შვილი უკვე წლებია, სახლში ჰყავს გამოკეტილი. ამირან დევნოზაშვილს სამი ვაჟი და 5 ქალიშვილი ჰყავს. მათგან ყველაზე უფროსი გოგო 21 წლისაა, უმცროსი კი 7- ის. მათ არც სკოლაში და არც საბავშვო ბაღში უვლიათ. მამას მიაჩნია, რომ საზოგადოებისგან მხოლოდ ცუდს ისწავლიან.
სახლიდან შვილების გაშვების თხოვნით მამას მეზობლებმა და მღვდელმა არაერთხელ მიმართეს, თუმცა მისი დარწმუნება ვერავინ შეძლო.