საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე მცირე მეწარმეებს შეხვდა, სადაც საგადასახადო სისტემაში დაგეგმილ ინიციატივებზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეფორმა, რომელსაც საქართველოს მთავრობა იწყებს, არ არის მხოლოდ ეკონომიკური რეფორმა. მისი თქმით, ეს არის საქართველოში ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი.
„რეფორმა ეხება 120 ათას მეწარმეს, მათ უკან მდგომ ადამიანებს, ოჯახებს, შესაბამისად ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკური რეფორმა, ეს არის გარკვეულწილად სოციალური პოლიტიკა და ვფიქრობ, რომ საქართველოში ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი. აღნიშნული ინიციატივის შექმნაში მონაწილეობდნენ თქვენი კოლეგები. ჩვენი მიდგომაა, რომ მეწარმემ იცის უკეთ, რა სჭირდება ბიზნესის განსავითარებლად და ვცდილობთ, აქტიური კავშირი გვქონდეს მეწარმეებთან. ეს შეხვედრას იმას ემსახურება, რომ გავიაზროთ, რა მასშტაბის რეფორმაზეა საუბარი, რათა აღნიშნული რეფორმა კიდევ უფრო დავხვეწოთ და მოვარგოთ თქვენს მოთხოვნებს. გეტყვით ძირითად პრინციპებს, რასაც ეფუძნება ჩვენი ინიციატივა. პირველი, ჩვენ გავზრდით სტატუსს მცირე მეწარმისა და დღეს არსებული 100 ლარის ზღვრიდან ავალთ ნახევარ მილიონ ლარამდე. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი საგადასახდო ტვირთი შემცირდება 5-ჯერ და დღეს არსებული 5%-იანი ზღვრიდან ჩამოვალთ 1%-იან ნიშნულზე. მესამე, არსებული პრაქტიკა ითვალისიწნებს წინასწარ გადასახადების გადახდას და აღნიშნული პრაქტიკა გაუქმდება. მეოთხე, მნიშვნელოვნად მცირდება და მარტივდება ბუღალტერიის წარმოება. მეხუთე და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მცირე მეწარმეებს ექნებათ საშუალება ჩაითვალონ დღგ. თქვენ იცით, რომ ხშირ შემთხვევაში დღგ ხარჯად უფიქსირდებოდათ და ამის პარალელურად ასევე იქნება დამატებით შეღავათი. იმ შემთხვევაში თუ დღგ-ს ზედმეტობა დაფიქსირდება, სახელმწიფო ხაზინიდან ჩვენ ხუთ დღეში დავაბრუნებთ დღგ-ს ზედმეტობას მცირე მეწარმის ანგარიშზე”, – განაცხადა ბახტაძემ მცირე მეწარმეებთან შეხვედრაზე.
მისივე თქმით, მიმდინარეობს ექვს ახალ ინიციატივაზე მუშაობა, რაც დაეხმარება მეწარმეებს, რომ ეკონომიკაში მცირე და საშუალო ბიზნესის წილი გაიზარდოს.
„ჩვენ მაქსიმალურად მოწადინებული ვართ, რომ თითოეული თქვენი ინიციატივა გავითვალისწინოთ. გვჯერა, რომ სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესი უნდა იყოს საქართველოს ეკონომიკის განვითარების მთავარი ლოკომოტივი. ვფიქრობთ, რომ პირველი ნაბიჯი ამ რეფორმით იქნება გადადგმული ძალიან ფუნდამენტური, რომელსაც უნდა მოყვეს დამატებითი ინიციატივები და დამატებითი ნაბიჯები”, – განაცხადა მინისტრმა.