თბილისის საკრებულოს წევრი, საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ოგბაიძე ახლადშემუშავებულ სატრანსპორტო პოლიტიკას, რომელიც დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ წარადგინა, დადებითად აფასებს.
როგორც ოგბაიძემ „კვირასთან“ საუბარში განაცხადა, თბილისის მერიის მიერ დაანონსებული ღონისძიებები ხელს შეუწყობს დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვას, მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილებასა და ეკოლოგიური ვითარების გამოსწორებას. ოგბაიძის თქმით, კომპლექსური ნაბიჯების ეფექტური შედეგები უახლოეს პერიოდში თვალსაჩინო იქნება დედაქალაქში მცხოვრებთათვის.
„ახლადშემუშავებული სატრანსპორტო პოლიტიკა – ეს არის მთლიანი კომპლექსური ხედვა, რომელიც მიზნად ისახავს თბილისის საცობებისგან განტვირთვას, მათ შორის ავტოპარკის განახლებას, სატოქსომეტორო სფეროს რეგულირებას, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ქვეითებისთვის ხელშემწყობი პირობების შექმნას, მათთვის ტროტუარების გათავისუფლებას, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის მნიშვნელოვნად შემცირებას და სხვა. ღონისძიებები, რომელსაც დედაქალაქის მერია გეგმავს, მნიშვნელოვნად გამოასწორებს თბილისში დაგროვილ პრობლემებს. მაგალითისათვის, მოძველებული ავტოპარკის გამო, ბოლო წლების განმავლობაში იზრდებოდა კერძო მფლობელობაში არსებული ავტომობილებით მგზავრობის მსურველების რაოდენობა და მაჩვენებელი დაახლოებით 30%-ს ასცდა, როდესაც ეს ოდენობა არ აღემატებოდა სულ რაღაც 17- 18 პროცენტს. უმნიშვნელოვანესია, კომფორტთან ერთად ჩვენმა მოქალაქეებმა იგრძნონ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფრო სწრაფად მივლენ დანიშნულების ადგილზე, თუნდაც მას ტრასპორტის შეცვლა დასჭირდეთ. ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ კერძოდ, 2019 წელს მეტროს, ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები განახლდება და მოხდება მათი სინქრონიზაცია, რის შედეგადაც, გაიზრდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობა. სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია მეტროპოლიტენის მოძრავი შემადგენლის რაოდენობის გაზრდა, რეაბილიტაცია და ა.შ. ეს შეამცირებს ინტერვალებს“, – განაცხადა ოგბაიძემ.
როგორც ცნობილია, სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, მიმდინარე წლიდანვე, სავალდებულო ხდება ტაქსების რეგისტრაცია, ხოლო 2019 წლიდან რეგულირება შეეხება მარჯვენასაჭიან, ორკარიან და განსხვავებული ფერის ტაქსებს. როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნული რეგულაციების მიზანია, მგზავრთა კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება. შალვა ოგბაიძე აცხადებს, რომ აღნიშნული მიმართულებით ეფექტური ნაბიჯების გადადგმა აუცილებელი იყო, რადგან წლების განმავლობაში სატოქსომოტორო სფეროზე არანაირი რეგულაცია არ ვრცელდებოდა.
„აუცილებელია ამ მიმართულებით არსებული ვითარების მოწესრიგებაც, თუ ადამიანს სურს ამ სფეროში საქმიანობა, მან უნდა დააკმაყოფილოს გარკვეული კრიტერიუმები, რათა მგზავრობა იყოს კომფორტული, უსაფრთხო, გონივრული ფასით და ა.შ. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ უკვე ამოქმედებულია ტექდათვალიერების მეორე ეტაპი და პროცესი გაგრძელდება გეგმიურად. იგეგმება პარკირების ახალი სისტემის შემოღება, ასევე ნაკადების ოპტიმალური მართვის მიზნით, იგეგმება ნაკადების მართვის „ჭკვიანი“ სისტემის ამოქმედება, რაც „ჭკვიანი“ შუქნიშნების მეშვეობით განხორციელდება. ეს და სხვა ყველაფერი ჯამში მოგვცემს იმაზე უკეთეს პირობებს, ვიდრე დღეს გვაქვს“, – აღნიშნა შალვა ოგბაიძემ.
შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, ვიცე-მერთან, ირაკლი ხმალაძესთან ერთად, საზოგადოებას ახლადშემუშავებული სატრანსპორტო პოლიტიკა წარუდგინა. სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანი დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვა და ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის შემცირებაა.