სოხუმის რეჟიმი ნარკოტიკების გამსაღებლებისა და მომხმარებლებისთვის კანონს ამკაცრებს. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების ბრალდებით დაკავებულ პირთათვის სამუდამო პატიმრობას ან სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. კანონი ასევე უზრუნველყოფს ბრალდებული პირების ქონების კონფისკაციას. ცვლილების ერთ-ერთი ინიციატორი ე.წ. დეპუტატი დბარი ამბობს, რომ ნარკოტიკული ნივთიერებებით ვაჭრობა აქამდე ოკუპირებულ აფხაზეთში 15-20 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ითვალისწინებდა. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში არსებობს მორატორიუმი სიკვდილით დასჯაზე, რომელიც შესაძლოა ახალი სისხლის სამართლის კანონმდებლობით შეიცვალოს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “აფხაზეთი არის საერთაშორისო ნარკოტრაფიკის გზა” / ოკუპირებულ აფხაზეთში ნარკოტიკების გამსაღებლებისთვის სიკვდილით დასჯა შემოაქვთ.
“დმიტრი დბარის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებებით შემოღებული სანქციები იმ პირთა ჯგუფზეც გავრცელდება, რომლებსაც საზღვარზე აკრძალული ნივთიერებები დიდი რაოდენობით გადააქვთ. სანქციების გამკაცრება ასევე შეეხებათ პირებს, ვინც სატრანსპორტო საშუალებას ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ მყოფი, არაფხიზელ მდგომარეობაში მართავენ და წარსულში ადმინისტრაციული სასჯელი აქვთ დაკისრებული. ჯარიმა მათთვის 600 000 რუბლი იქნება და პლუს ჩამოართმევენ მართვის მოწმობას, ასევე 1 წლით შეეზღუდებათ თანამდებობის დაკავება. სისხლის სამართლის კოდექსის შესწორების თანახმად, იკრძალება ასევე ნარკოტიკების გასაღებისთვის დაკავებული პირის ვადამდე გათავისუფლება საპატიმროდან. ე.წ. დეპუტატი ვალერი აგრბა იმედოვნებს, რომ კანონის გამკაცრება შეაჩერებს აფხაზეთში ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების პროცესს – მას სასჯელის უმაღლესი ზომის ეფექტურობის მაგალითებად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების გამოცდილება მოჰყავს – მისი თქმით, ამ ქვეყნებში პრაქტიკულად აღარ არსებობს ნარკოტიკების არალეგალური მიმოქცევის პრობლემა,” – აღნიშნავს გამოცემა.
“უკვე წლებია, აფხაზეთის დე ფაქტო ხელმძღვანელობას ნარკომანია “ეროვნული უშიშროების საფრთხედ” აქვს გამოცხადებული. დე ფაქტო რესპუბლიკის ნარკოლოგიური ცენტრის სტატისტიკით, ნორკომომხმარებელთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება ყოველწლიურად 200 ადამიანით, მათი უმეტესობა ახალგაზრდები არიან, მათ შორის არასრულწლოვნებიც, რაც ყველაზე შემაშფოთებელია. აფხაზეთში ნარკოტიკული ნივთიერებების შოვნა მარტივია და თან იაფიც, ეს სფერო საერთოდ უკონტროლოა, ამიტომაც უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდისთვის ხდება ნარკოტიკი მარტივად ხელმისაწვდომი. “2016 წელს აღრიცხვაზე იყო 2 440 ადამიანი, მათგან 949 ნარკოდამოკიდებული, დანარჩენები ალკოდამოკიდებულები არიან… 2017 წელს ნარკომომხმარებელთა 409 ახალი შემთძვევა გამოვლინდა..”, – აღნიშნა სოხუმის მთავარმა ნარკოლოგმა ირმა ანუამ. მისი განცხადებით ასეთი მძიმე სურათის მიზეზი, სხვადასხვა ფაქტორთან ერთად, კრიმინალური ცხოვრების წესის რომანტიზებაა…”, – განაგრძობს გამოცემა.
“აფხაზეთში ახალგაზრდების 90% ნარკომანია და უკვე ღიად ლაპარაკობენ დე ფაქტო ხელისუფლებაში. ეს გამოწვეულია იმით, რომ აფხაზეთში დიდი ნარკოტრაფიკია – ამის შესახებ არაერთხელ განუცხადებია თბილისს და ინტერპოლის სისტემაშიც არის ცნობილი, რომ აფხაზეთი არის საერთაშორისო ნარკოტრაფიკის გზა. აფხაზეთი არის ბაზა, ნარკოტიკების ევროპაში შეტანის ყველაზე მოკლე გზა საჰერო გზით და საჰაერო გზა არ კონტროლდება… ე.წ. კანონიერი ქურდები და კრიმინალიტეტი, რომლებიც აკონტროლებენ ამ რეგიონს, ძირითადად ნარკოვაჭრობით არიან დაკავებული. გარდა ამის აფხაზეთში ახალგაზრდებში ისევ არის ომის სინდრომი – ახალგაზრდები ყოველთვის შეიარაღებული არიან და რატომღაც ასეთი მიდგომა აქვთ, რომ მათ არ უნდა იმუშაონ და სხვისი ქონების დაუფლებით იცხოვრონ… ქართველების ქონება იქ უკვე დამთავრდა და ახლა ან უნდა ილოთონ, ან წამალი გაიკეთონ. ეს ყველაფერი ერთადაა გადაჯაჭვული და ამიტომაც ნარკოტიკების პრობლემა ძალიან სერიოზულად დგას. იმდენად სერიოზული პრობლემაა, რომ ყველაზე ხშირად ამაზე საუბრობენ და წერენ, რომ ლამის ყოველი მეოთხე ახალგაზრდა ნარკოტიკებით იღუპება” – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი იუსტიციის მინისტრი პაატა დავითაია.
