„მას შემდეგ, რაც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის დოკუმენტი ამოქმედდა, ქართველები ევროპის ბაზარზე პროდუქციის შეტანას ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეძლებენ“, – ამის შესახებ ესტონეთის ელჩმა პრიტ ტურკმა „კიბერ კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქვით, ამ სფეროში წარმატების მიღწევისთვის გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ტურკი მოხარულია, რომ საქართველო და ესტონეთი ამ სფეროშიც მჭიდროდ თანამშრომლობენ.
„სოფლის მეურნეობა ის სფეროა, სადაც საქართველო და ესტონეთი აქტიურად თანამშრომლობენ. ჩვენს ფერმერებს აქვთ კარგი გამოცდილება, თუ როგორ გაზარდონ პროდუქციის ხარისხი ისე, რომ შესაძლებელი გახდეს ევროპულ ბაზარზე მისი შეტანა.
მოგეხსენებათ, რომ 1 ივლისიდან ამოქმედდა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის დოკუმენტი. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, თქვენი პროდუქცია გაიტანოთ ევროპულ ბაზარზე, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. თუმცა მეტი გამოცდილებაა საჭირო. ესტონელ ფერმერებს კი აქვთ ეს გამოციდლება და მათ შეუძლიათ, რომ ის გაგიზიარონ. ეს იქნება თაფლის დამზადება, მესაქონლეობა თუ სხვა.
ურთიერთთანამშრომლობა, როგორც წესი, ძალიან ნაყოფიერია. ბედნიერი ვარ, როდესაც ვხედავ, რომ საქართველოში სხვადასხვა ფერმა და კოოპერატივი ახორციელებს იმას, რაც მათ ესტონეთში ნახეს. ჩემთვის ეს დიდი ინსპირაციაა”, – განაცხადა ელჩმა.
„კიბერ კვირასთან“ ინტერვიუში ესტონეთის ელჩი განათლების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ საქართველო და ესტონეთი ამ საკითხშიც თანამშრომლობს. ელჩმა პროფესიული გადამზადების ტრენინგებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეკონომიკის განვითარებისთვის კარგი კადრები მნიშვნელოვანი ფაქტორია.
„ესტონეთის უნივერსიტეტებს განათლების სფეროში დიდი გამოცდილება აქვთ. იცით, ალბათ ტარტუს უნივერსიტეტის შესახებ, სადაც ქართველები 100 წლის წინაც სწავლობდნენ. მიხარია, რომ დღესდღეობით ტარტუს უნივერსიტეტში უკვე 300-მდე სტუდენტი სწავლობს. ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან საგანამანათლებლო სისტემაშიც. ათი წელია, რაც ეწყობა პროფესიული გადამზადების ტრენინგები. კარგი კადრები ეკონომიკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ბედნიერი ვარ, რომ პრემიერ-მინისტრისთვის ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ტრენინგები ეწყობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სოფლის მეურნეობაში, მშენებელობაში და ტურიზმში დასაქმებული ადამიანებისთვის. ტრენინგების მიზანი ბიზნესის განვითარებისთვის კადრების გადამზადებაა“,-განაცხადა ელჩმა.
ესტონეთის ელჩთან ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://cyber.kvira.ge