მეუფე პეტრე ცაავას განცხადებები გასცდა მის ეპარქიას, საერთოდ სასულიერო საკითხებს და მან პოლიტიკური განცხადებების გაკეთება დაიწყო, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა.
როგორც გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, საინტერესოა, მაღალი იერარქიის სასულიერო პირი, უპასუხისმგებლო განცხადებებს რატომ აკეთებს.
„მეუფე პეტრე პოლიტიკურ ველში შემოვიდა, პოლიტიკური განცხადებების გაკეთება დაიწყო და ძალიან უცნაური განცხადება გააკეთა, კარგი იქნება, რომ განმარტოს. განგვიმარტოს ჩვენ, რას გულისხმობს, როცა დანაშაულებრივ სისტემაზე ლაპარაკობს, როდესაც ამბობს, რომ უზენაესი სასამართლო არის დანაშაულებრივი სისტემის ნაწილი. ესე იგი რა გამოდის, რომ უზენაესი სასამართლო დანაშაულებრივი ორგანიზაციაა?! ასე ფიქრობს პეტრე ცაავა? თუ ასე ფიქრობს, რომ სახელმწიფო დანაშაულებრივი სისტემით იმართება, მაშინ ახსნას. ეს აღარ არის რელიგიური საკითხები, რომელზეც შეიძლება საკუთარი მოსაზრებები ჰქონდეს. ამის გაკეთება მოუწევს, რადგან ეს საზოგადო ინტერესია, ეს არ არის მისი ეპარქია მხოლოდ და მხოლოდ. ეს ყველა ჩვენგანის ქვეყანაა. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები და ძალიან გვაინტერესებს, რომ ასეთი მაღალი სასულიერო იერარქიის პირი, ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებებს რატომ აკეთებს. თუ აკეთებს, მაშინ კეთილი ინებოს და დაასაბუთოს”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
