ვარშავის სამიტის კომუნიკეში, რომელიც 139 პუნქტს მოიცავს, ნატო-ს ლიდერები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ 2008 წელს, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგული რჩებიან.
„2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, მაპ-ი კი ამ პროცესის შემადგენელი ნაწილი იქნება. დღეს ჩვენ კვლავ ვადასტურებთ იმ გადაწყვეტილების ყველა ელემენტს, ასევე შემდგომ გადაწყვეტილებებს. ჩვენ მივესალმებით მნიშვნელოვან პროგრესს 2008 წლის შემდეგ. საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან შეიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს სამომავლო წევრობისთვის მოსამზადებლად.
წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების გზაზე“, – ნათქვამია ვარშავის სამიტის კომუნიკეში.
ნატო-ს ლიდერები მოუწოდებენ საქართველოს, ალიანსთან დასახლოებლად გააგრძელოს ყველა ორხმრივი თანამშრომლობით გათვალისწინებული შესაძლებლობების სრული გამოყენება და მაღალ შეფასებას აძლევენ საქართველოს კონტრიბუციას „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში, ასევე მიესალმებიან მნიშვნელოვან პროგრესს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის გზაზე და აღნიშნავენ ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის მნიშვნელობას.
კომუნიკეში ნათქვამია, რომ ნატო-ს მოკავშირე ქვეყნები გააგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას საჰაერო თავდაცვის განვითარების სფეროში, გარდა ამისა, ნატო გააღრმავებს თავის ძალისხმევას შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. მივესალმებით ძალის გამოუყენებლობისადმი საქართველოს ერთგულებას და მოვუწოდებთ რუსეთს გააკეთოს იგივე. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს გააუქმოს საქართველოს რეგიონების, „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, შეწყვიტოს ადმინისტრაციულ საზღვრის გასწვრივ საზღვრისმაგვარი დაბრკოლებების მშენებლობა და გაიყვანოს საკუთარი ძალები საქართველოდან.
ნატო არ აღიარებს ე.წ. შეთანხმებებს, რომელსაც ხელი მოეწერა საქართველოს რეგიონ აფხაზეთსა და რუსეთს შორის 2014 წლის ნოემბერში და საქართველოს რეგიონ სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის 2015 წლის მარტში.